ჯანდაცვის მინისტრი - ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საფრთხის რისკი მომატებულია, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად ყველა უწყება ერთობლივად მუშაობს.

„ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა მინისტროც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი კორონავირუსის გამო დამატებითი რეგულაციების შემოღება, მინისტრმა განაცხადა, რომ დამატებითი რეგულაციები უკვე შემოღებულია, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო.

„თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასაზღვრო ზოლის დაცვა, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, ვინაიდან საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ პრევენციული კონტროლი გვქონდეს და შემოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან კარანტინში გვყავდეს იზოლირებული“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მან მედიასთან განმარტება საჩხერეში, ერთ-ერთ-კლინიკაში მოთავსებულ ადამიანებზეც გააკეთა და დასძინა, რომ ისინი საქართველოში საუკეთესო პირობებში იმყოფებიან.

„საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც გააჩნია იმის რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. შეგიძლიათ გადაიღოთ სიუჟეტი და თქვენი თვალით ნახოთ, თუ რა პირობებში იმყოფებიან ეს მგზავრები. ისინი საქართველოში საუკეთესო პირობებში იმყოფებიან“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო