მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარემ კი ამ მტკიცებულებების გასაცნობად დრო მოითხოვა. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომის გადადების თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკამაყოფილა.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 6 ადვოკატი იცავს. სხდომის გადადებამდე ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. თუმცა, ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ თვითონ ბრალდებული თანახმაა, მისი დასწრების გარეშე გაგრძელდეს სასამართლო პროცესები.

ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა სხდომაზე წერილი წაიკითხა, რომელიც მისივე განმარტებით, ჩოლოიანის მიერაა ხელმოწერილი და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესები მისი დასწრების გარეშე ჩატარდეს.

„ამჟამად ვიმყოფები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და გავდივარ მკურნალობას, რის გამოც თანხმობას ვაცხადებ ჩემი დასწრების გარეშე, ჩემი ადვოკატების მონაწილეობით გაგრძელდეს სასამართლო სხდომა“, - აღნიშნავს ჩოლოიანი.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ამ შუამდგომლობის მიმართვის მიზეზია ის, რომ სასამართლო სხდომები არ გაჭიანურდეს.

ამასთან ადვოკატებმა განმარტეს, რომ არ იციან, რამდენ ხანს დარჩება კლინიკაში ჩოლოიანი.

საბოლოო ჯამში, სასამართლო პროცესი 4 მარტამდე გადაიდო.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით