რომან გოცირიძე - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარება ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიციაა - საქართველოს მთავრობა კვლავ დაემორჩილა რუსეთის შანტაჟს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარება არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის შანტაჟს დაემორჩილა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ შემოეშვათ დელეგაციის ის წევრები, ვისაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია. ფაქტობრივად, მთავრობა კვლავ დაემორჩილა რუსეთის შანტაჟს. რუსეთმა შეძლო ამ დიდი ფორუმის ჩაშლა. სტრასბურგში ამ შეხვედრის გადატანა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ გვავალდებულებს, კანონდამრღვევის ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას რომელიღაც სხდომის ჩატარებისას. ეს იყო ტექნიკური საკითხი. ლავროვმა დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ის სამხედრო დამნაშავეა. ლავროვი, პუტინი და მედვედევი 2008 წლის ომის არქიტექტორები არიან და მათი ადგილი საქართველოში არ არის. დანარჩენი, დელეგაციის სხვა წევრი, ვისაც კანონი არ აქვს დარღვეული, შესაძლებელია, რომ ჩამოსულიყო. რუსეთი ბლოკავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ახლა აი, უფრო პატარა ზომის ფორუმიც კი დაბლოკა. ეს არის რუსეთის გამარჯვება საქართველოს ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში ეს ფორუმი აქ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან საქართველო მასპინძელი ქვეყანაა.

თუ ლავროვი მოისურვებდა აქ ჩამოსვლას, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავდა მის არშემოშვებას. საქართველოს პრეზიდენტმაც დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო დაარღვევს კანონს და შემოუშვებს ლავროვს. ვინ მისცა მას უფლება, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს?!“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს