პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლებას თავის თავზე უნდა აეღო სითამამე და ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩაეტარებინა - ეს არის ხელების აწევა ოპოზიციის სიძლიერეზე

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარებას არასწორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით პრინციპულობა დაკარგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაქარეიშვილმა განუცხადა, ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარი პასუხისმგებლობების შესრულებაზე.

„მე მიმაჩნდა, რომ ხელისუფლებას თავის თავზე უნდა აეღო სითამამე და ჩაეტარებინა მინისტერიალი აქ. ამით საქართველო გამოჩნდებოდა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობების აღება. სახელმწიფოს აშკარად შეეშინდა ოპოზიციის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება აშკარად ვერ ფლობს სიტუაციას. მას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს გამოწვევებს. ეს ყველაფერი იყო ზღაპარი, რომ ამბობდნენ თითქოს კანონი არ გვაძლევს საშუალებასო. კანონი აძლევს საშუალებას გამონაკლისი დაეშვათ. კანონში არის გამონაკლისი და საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე შეეძლოთ გამონაკლისის დაშვება. ეს არის ხელების აწევა ოპოზიციის სიძლიერეზე და არჩევნების დროს საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების მხარდაჭერა, რომელსაც არ შესწევს ძალა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და ვინ უფრო ძლიერია, ოპოზიცია თუ ხელისუფლება”, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა ხელისუფლების უსუსურობა.

„ლავროვი თუ ჩამოვიდოდა, ბუნებრივია, გააკეთებდა საკმაოდ უტიფარ და თავხედურ განცხადებებს, მას ეს სჩვევია, მაგრამ სახელმწიფო ამაზე მაღლა უნდა დამდგარიყო, ჩვენ უნდა დაგვეცინა ლავროვისთვის. მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგი უნდა ყოფილიყო რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ. უნდა მიგვეღო მინისტერიალი, უნდა გვეთქვა, რომ ამით პატივს ვცემთ ჩვენს ვალდებულებებს, მივესალმებით მინისტერიალს, მაგრამ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა, არა ლავროვი, პეტრე ან პავლოვი, არამედ რუსეთის პოლიტიკა“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს