სამართალდამცავებმა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 52 სპეცრაზმელი და აქციის 10 მონაწილე დაშავდა.
პოლიციის პრეს-სპიკერმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თავდაპირველად მიმიტინგეების ნაწილი შეიჭრა სასტუმროში, სადაც სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც შვიდი სპეცრაზმელი დაშავდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ ადამიანები იჭრებიან სასტუმროში, სცემენ სამართალდამცავებს და ფანჯრებიდან ყრიან საგნებს.
შეგახსენებთ, საბერძნეთის კუნძულებზე : ლესბოსზე, ხიოსსა და სამოსზე მოქალაქეები მთავრობის მიერ დაგეგმილ მიგრანტების ბანაკების მშენებლობას მეორე დღეა აპროტესტებენ. ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კუნძულ ლესბოსსა და ხიოსზე სამშენებლო დანადგარები მოსახლეობისგან ფარულად შემოიტანეს, ფარულად შემოიყვანეს სპეცრაზმიც. ხელისუფლება მიგრანტების ახალი ბანაკების მშენებლობას სულ ხუთ კუნძულზე გეგმავს.