მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საკრებულოს მიერ წესის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, მერია დაფინანსების მსურველ პირთა საბუთების მიღებას და საგარანტიო წერილების გაცემას დაიწყებს.

„თბილისის მერიის პროგრამა, გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.

დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. თბილისის მერიის მიერ ამ პროგრამის დაწყების მიზანია მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა შრომის უუნარობის თავიდან აცილება.

აღნიშნული პათოლოგიით, დღეისათვის, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომ, ადრეულ სტადიაზე ამ დაავადების პრევენცია საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა