კონკურსის „საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი“ გამარჯვებულ სტუდენტებს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰელსინკიში გაამგზავრებს

კონკურსის „საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი“ გამარჯვებულ სტუდენტებს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰელსინკიში გაამგზავრებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარებულ კონკურსში - „საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი“ მარიამ ფარულავამ და ფრანჩესკო ილვენტომ გაიმარჯვა. გამარჯვებულები 2020 წლის სექტემბერში, ათი დღის განმავლობაში ფინეთში, ჰელსინკის აალტოს უნივერსიტეტის დიზაინის და არქიტექტურის სკოლაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.

მარიამ ფარულავა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მეორე კურსის სტუდენტია, ფრანჩესკო ილვენტო კი, „ერაზსმუსის“ გაცვლითი პროგრამით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა.

ფრანჩესკო ილვენტომ და მარიამ ფარულავამ კონკურის ფარგლებში ერთობლივად იმუშავეს და მობილური ტელეფონით გადაღებული სიუჟეტით ჟიურის წევრები მოწონება დაიმსახურეს. ფილმის სცენარი მარიამ ფარულავას ეკუთვნის და მთავარი როლიც თავად შეასრულა. ფრანჩესკო ილვენტომ კი, ფილმი მხატვრულად გააფორმა და მუსიკაც თავადვე შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ 17-18 იანვარს, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტებისთვის ვიზუალური ამბის გადმოცემის ტექნიკის დასახვეწად, ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩატარდა. სასწავლო კურსს DW Akademie-ს ტრენერი, თინათინ ცისკარაძე წარუძღვა. 2-დღიანი ტრენინგის განმავლობაში სტუდენტებმა ვიდეოს წარმოებისთვის საჭირო საბაზისდო ცოდნა და ამბის თხრობასა და მონტაჟში გამოცდილება მიიღეს.

ვორქშოფი სამი მოდულისგან შედგებოდა, რაც თანმიმდევრულად იყო განაწილებული ორი დღის მანძილზე. ვორქშოფი ემსახურებოდა სოციალური მედიისთვის საბაზო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას.

წელს, კონკურსში ფაკულტეტის 8 სტუდენტი მონაწილეობდა. კურსის შედეგად, სტუდენტებმა მობილური ტელეფონით ერთწუთიანი ვიდეოფილმი გადაიღეს და დაამონტაჟეს. კონკურსში მონაწილე 8 სტუდენტი წყვილებში მუშაობდნენ და მათ ჟიურის წევრებს 4 ნამუშევარი წარუდგინეს.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მხოლოდ ერთი ვიდეოფილმი აირჩია, რომლის ავტორები მარიამ ფარულავა და ფრანჩესკო ილვენტო აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება კონკურსში მონაწილე სხვა სტუდენტებს, მათ ვორქშოფის პროცესსი ტრენერის თითქმის ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს. ყველა ნამუშევარი თავისთავად საინტერესო იყო, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ნინო ხითალიშვილის და ნინო გულბანის ფილმი, რომლებმაც ჟიურის წევრებს საინტერესო სცენარი და გადაღების საინტერესო ვარიანტი შესთავაზეს.

კონკურსის „საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი“ ჟიურის თავმჯდომარე ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი ნიკოლოზ შავიშვილი იყო. ვორქშოფის ტრენერს, თინათინ ცისკარაძეს გადამწყვეტი ხმის უფლება ჰქონდა, ხოლო ძირითადი შემფასებლები თავად კონკურსის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც ფარული კუნჭისყრით საუკეთესო ფილმი გამოავლინეს. ამ შემთხვევაში მონაწილეებისა და ჟიურის აზრი ერთმანეთს დაემთხვა.

ცნობისათვის, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტებისთვის კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს 10 სტუდენტი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში, ჰელსინკიში, აალტოს უნივერსიტეტში, დიზაინისა და არქიტექტურის სკოლაში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სხვა სტუდენტებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება.

ტექნიკური უნივერსიტეტი დიზაინის საერთაშორისო სკოლა ხშირად აცხადებს შიდა საფაკულტეტო კონკურსებს და გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ, სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნის დიზაინის სკოლები და მუზეუმები მოინახულონ.

აღსანიშნავია, რომ შარშან ჩატრებული ათი კონკურსიდან, ათივე გამარჯვებული სტუდენტი გერმანიაში ბაუჰაუსის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა