ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, მთავარი აქცენტი კვლავაც პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და სასაზღვრო ზონებში კონტროლის გაძლიერებაზე კეთდება.

მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იგეგმება პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერება და დამატებითი მარაგების შესყიდვა.

„იგეგმება თერმული სკრინინგის გაძლიერება, კონტაქტების კიდევ უფრო დეტალურად გამოკვლევა და მაღალი რისკის პირების იდენტიფიკაცია. ნებისმიერი ადამიანი, მოგზაური, რომელსაც ექნება მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის რეგიონებიდან, ასევე ტემპერატურის მომატება გადამისამართდება ინფექციურ საავადმყოფოში, ეს სტანდარტული პროცედურაა და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ასევე შევაფასეთ არსებული მარაგების რაოდენობა და დაიგეგმა დამატებით მარაგების შესყიდვა, რასაც დაუყოვნებლივ ვუზრუნველყოფთ, იმისათვის, რომ სრულად იყოს ეკიპირებული ყველა ის სამსახური, ვინც მონაწილეობს უშუალოდ სამედიცინო სერვისის მიწოდებაში ან აქვს პაციენტთან უშუალო კონტაქტი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების მზაობას, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სამსახურების მეტად გააქტიურება და მათთან ინსტრუქტაჟის გაძლიერება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ის პაციენტი რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი, ამავე დროს რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. მისი წევრები კი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელები არიან.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მათი ბრიგადები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა მობილიზებული.

„ყველა სასაზღვრო პუნქტზე საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტებზე აბსოლუტურად ყველგან მობილიზებულია ჩვენი ბრიგადები. მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის სკრინინგი რომლებიც ჩაითვლებიან საეჭვოდ და ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში. ყველა ბრიგადა არის მზად იმისთვის, რომ საზღვრიდანვე მოახდინონ დროული ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებაში, ეს იქნება ინფექციური საავადმყოფო თუ საკარანტინო ტერიტორია“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს