ზურაბ ბატიაშვილი - სირიის კონფლიქტის გამო, საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეები არ არსებობს, თუმცა არსებობს არაპირდაპირი საფრთხეები

რონდელის ფონდის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, სირიის კონფლიქტის გამო, სადაც რუსეთი და თურქეთია ჩართული, საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეები არ არსებობს, თუმცა, როგორც ის ამბობს, არსებობს არაპირდაპირი საფრთხეები.

ამასთან, როგორც ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აღნიშნულ კონფლიქტში პოლიგონი არ გახდეს.

„პირდაპირი სამხედრო საფრთხე რა თქმა უნდა, არ არსებობს, ჯერჯერობით. კონფლიქტი, რომელიც ვითარდება, ვითარდება სამხრეთით, არა შავ ზღვაზე, მაგრამ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, არც ესაა გამორიცხული, რომ შეგვეხოს და გადმოინაცვლოს შავი ზღვის რეგიონში. ამ კონფლიქტს არაპირდაპირი გავლენა და შეხება შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე. ძალიან სწრაფად განიცდის თურქული ლირა დევალვაციას, თურქული ლირის დევალვაცია კი ეკონომიკურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, იქ ჩვენი ათასობით მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს. მათ შემოსავალი დააკლდებათ, იმიტომ, რომ ისინი ხელფასს თურქულ ლირაში იღებენ და შემდეგ აგზავნიან საქართველოში. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ თურქეთმა ევროპის მიმართულებით გახსნა საზღვრები სირიელი ლტოლვილებისთვის. ისინი დაიძვრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. ეს ევროპას შეუქმნის დამატებით პრობლემებს. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ჯიჰადისტ მებრძოლებს, თუ რუსეთმა სამხედრო წარმატება მოიპოვა, მოუწევთ თურქეთში გადასვლა და შემდგომში გაიფანტებიან სხადასხვა მიმართულებით. იქ ვიცით, რომ კავკასიური წარმოშობის ბევრი ჯიჰადისტი მებრძოლია. ერთ-ერთ მიმართულებად შეიძლება საქართველო აირჩიონ. ასეთი არაპირდაპირი საფრთხეები არსებობს,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რა გადწყვეტილებას მიიღებს ნატო და რა ფორმით ჩაერთვება ამ კონფლიქტში.

„დღეს უნდა გაიმართოს ნატო-ს საგანგებო სხდომა, სადაც თურქეთი ითხოვს, რომ ნატო-მ შესაბამისი დახმარება გაუწიოს მის წევრ ქვეყანას. მნიშვნელოვანი იქნება, როგორი პოზიცია ექნება ნატო-ს წევრ ქვეყნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ამ კონფლიქტში პოლიგონი არ გახდეს და ჯერჯერობით არც არავინ ითხოვს საქართველოსთან დაკავშირებით არავითარ ჩართულობასა და მონაწილეობას. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხმელეთით რუსეთსაც და თურქეთსაც ვესაზღვრებით, მათ შორის ოფიციალურად კონფილქტი არ დაწყებულა. კონფლიქტი სირიაში მიმდინაროებს და არა კავკასიაში, სადაც ერთმანეთთან გასაყოფი და საომარი ძალიან ბევრი აქვთ. ორ ფრონტზე ბრძოლა ერთისთვისაც და მეორესთვისაც ძალიან ძნელი იქნება. მთავარი კონცენტრაცია ხდება სირიაზე, ვნახოთ, რას გადაწყვეტს ნატო,“ - განაცხადა რონდელის ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, წუხელ, სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.

„რა სირცხვილია, რომ დღეს მიწევს იმის თქმა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა“, - აცხადებს ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორი სატელევიზიო მიმართვის დროს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავლუშოღლუ ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერს ესაუბრა.

იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს. მას შემდეგ თურქეთმა ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიერა. რამდენიმე საათის წინ, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთისა და სირიის აჯანყებულების ჯარებმა იდლიბის პროვინციის საკვანძო ქალაქზე, სარაქიბზე კონტროლი ხელახლა მოიპოვეს და ალეპოდან დამასკოსკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა