სერგი კაპანაძე - პროგრესი შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ივანიშვილმა ჯერ პოლიტიკური დევნის პრობლემა უნდა მოაგვაროს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ივანიშვილმა ჯერ პოლიტიკური დევნის პრობლემა უნდა მოაგვაროს. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ეს ეხება როგორც დაპატიმრებულ ადამიანებს, ასევე მიმდინარე საქმეებს.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის საკითხს, კაპანაძის თქმით, ოპოზიციას გეგმა „ბ“-ც აქვს.

„ოპოზიციის დამოკიდებულება საარჩევნო რეფორმის მიმართ რჩება ზუსტად იგივე, რაც აქამდე იყო და ჩვენს პოზიციაში არაფერი შეცვლილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროგრესი არის შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის ივანიშვილმა ჯერ უნდა მოაგვაროს პოლიტიკური დევნის პრობლემა; ეს ეხება როგორც დაპატიმრებულ ადამიანებს, ასევე მიმდინარე საქმეებს. გარდა ამისა, მოლაპარაკება უნდა იყოს ისეთი მოდელის ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პროპორციულთან მიახლოებული სისტემის შექმნას. ამის მოდელები განხილულ იქნა და ალბათ აქ შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. მაგრამ ივანიშვილმა უარი უნდა თქვას იმ პრინციპზე, რომ მოსახლეობის მესამედის, ან მცირე მხარდაჭერით შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა. ეს არის სრულიად მიუღებელი. აქ საქმე არ ეხება მარტო „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც მიიღებს მცირე მხარდაჭერას, არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა. ეს არის ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა და ამის ირგვლივ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას.

ვადა ჯერ კიდევ არის და ბურთი არის ჯერ კიდევ ივანიშვილის მოედანზე. ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთანაც გავაგრძელოთ საუბარი და დავიცავთ საზოგადოების პოზიციას. რასაც ივანიშვილი გადაწყვეტს, იქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ. თუ უარს იტყვის ამაზე, გვაქვს გეგმა „ბ“, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ. ეს გულისხმობს მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინირებას, რომ ერთიანი ფრონტით, თითო კანდიდატით დავუპირისპირდეთ ივანიშვილს და ამ გზით დავამარცხოთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა