სახალხო დამცველი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობაში მცხოვრები 60 წლამდე დევნილი მამაკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შენობა, სადაც 60-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია.
„გარდა იმისა, რომ შენობა ავარიულია, მას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. როგორც ცნობილია, ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გამანაწილებელმა კომპანიამ შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, უარი განაცხადა.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმებით მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები, რა დროსაც შესაძლებელია პრიორიტეტულად განსახლება - ქულათა სისტემის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობა ნგრევადია, სახელმწიფომ მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში ძალიან ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით 133 ნგრევად ობიექტში 3 191 ოჯახია რეგისტრირებული. სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში მწვავე პრობლემად ასახელებს სწორედ ამგვარ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივ მდგომარეობას და ითხოვს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებისას მათთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას.
საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში, ასეთი ოჯახები გრძელვადიან განსახლებამდე უზრუნველყოს ქირით“, - ნათქვამია განცხადებაში.