რამაზ საყვარელიძის შეფასებით, 40 %-თან დაკავშირებული მოთხოვნის გაზიარებით მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დათმობაზე კი არ მიდის, არამედ საკუთარ ძალებშია დარწმუნებული

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მმართველი გუნდი ოპოზიციის იმ წინადადების მიღებით, რომლის მიხედვითაც, პარტიას მთავრობის დაკომპლექტება არ შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე 40 %-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, დათმობაზე კი არ მიდის, არამედ საკუთარ ძალებშია დარწმუნებული. ამის შესახებ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში დათმობის სურათია, რადგან ცოტა ხნის წინ მახსოვს კობახიძემ 60% დაასახელა, როგორც შესაძლო შედეგი. ამდენად, „ოცნების“ შიგნით, როგორც ჩანს, უფრო დიდი მოლოდინი აქვთ და შესაბამისად, მათ ამ მოლოდინის გამო არ მიაჩნიათ მიუღებლად ასეთი შეზღუდვების დაწესება,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა ხაზი გასუვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა დააკომპლექტოს იმ ძალამ, რომელსაც საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.

„ალბათ, განვლილმა პერიოდმა და განსაკუთრებით ბოლო შედეგმა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაცილებით ნაკლები მანდატი მოიპოვა, ვიდრე საჭირო იყო კონსტიტუციური უმრავლესობისთვის, მაგრამ კონსტიტუციური უმრავლესობაც ჰქონდა იმ კანონის გამო, რომელიც მოქმედებს დღეს, ცხადყო, რომ ამ ტიპის კაზუსებისგან თავის ასარიდებლად ასეთი შეზღუდვა უდავოდ გამოდგება და გარკვეული თვალსაზრისით უახლოვდება იმ მოთხოვნას, რომ ვინც აკომპლექტებს მთავრობას, მას უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია ანუ საზოგადოების მაღალი ნდობა,“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთანავე, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის აღნიშნულ მოთხოვნას საბოლოოდ დათანხმდა, ეს უფრო დასავლელი მეგობრების გამარჯვება და მათი მოთხოვნების შედეგი იქნება.

„მე მაინც მგონია, რომ ეს ძირითადად დასავლელი მეგობრების გამარჯვებაა და მათ მოთხოვნაზე საპასუხო რეაქციაა. ამდენად ეს უშუალოდ ოპოზიციამ გაიმარჯვა თუ დასავლეთმა გემოვნების საკითხია,“- განაცხადა რამაზ საყვარელიძე.

შეგახსენებთ, გუშინ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის შექმნას ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს