ლევან ბოძაშვილი - თუ ნატო სირიის კონფლიქტში ჩაერთვება, თურქეთი კი სამხედრო ძალით იძიებს შურს, ამან შეიძლება მასშტაბური ესკალაცია გამოიწვიოს, რასაც გადამდები ეფექტი ექნება რეგიონზეც

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, თუ ნატო სირიის კონფლიქტში ჩაერთვება, თურქეთი კი სამხედრო ძალით იძიებს შურს, ამან შეიძლება მასშტაბური ესკალაცია გამოიწვიოს, რასაც გადამდები ეფექტი ექნება არამხოლოდ ლიბიასა და სირიაზე, არამედ რეგიონზეც.

როგორც ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2020 წელი ტურბულენტური წელი იქნება არამხოლოდ ეპიდემიების, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც.

„საქართველო ამ კონფლიქტში პოლიგონი ნამდვილად არ გახდება. საუბარი არის თურქეთსა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების შენარჩუნებაზე. არ უნდა თურქეთს დათმოს ის, რასაც რუსეთი ცდილობს, რომ თავიდან ბოლომდე წაიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმართებით არსებობს საფრთხეები. ეს არის როგორც ეკონომიკური, იმიტომ რომ ნებისმიერი რამ, რაც კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობს, თურქეთის ბაზარზე გავლენას ახდენს. ლირის დევალვაცია ავტომატურად აისახება ქართულ ლარზეც. მომატებული ლტოლვილების ნაკადი შესაძლოა, საქართველოსკენაც წამოვიდეს. ამასთან, მომატებული ლტოლვილების ნაკადის გამო ევროპამ დასაკომპენსირებლად შესაძლოა, უვიზო რეჟიმების გადახედვა დაიწყოს და თუ თურქეთიდან ემიგრაციის ნაკადი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, შესაძლოა, დროებით უვიზო მიმოსვლაც შეაჩეროს. მგონია, რომ საზღვრების გახსნა თურქეთის მხრიდან არის ერთგვარი შანტაჟი, ევროპის მიმართ, რომ მათ თურქეთის პოზიცია დაიჭირონ. ევროპას არ აწყობს მასობრივი ნაკადი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ისეთი ტიპის საფრთხე, რომელმაც ჩვენში შეიძლება პანიკა გამოიწვიოს, თუმცა, ყველა შემთხვევაში, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ამაზე უნდა იმსჯელონ, თუ მოხდა შემდგომი ესკალაცია,“ - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, თურქეთი ამ კონფლიქტში კუნთების სათამაშოდ არაა ჩართული, მას სურს საკუთარი პოზიცების შენარჩუნება, რადგან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს გაღებული.

„ვფიქრობ, რომ სირიის კონფლიქტში, ჯერ კიდევ წინაა ის, რაც გამოიწვევს მსოფლიოში დიდ ტურბულენციას. ბევრი წელია ვერ ხერხდება მუდმივი და სტაბილური მშვიდობის შენარჩუნება. ყოველთვის არის საფრთხე, განსაკუთრებით კი წელს, რომ მოხდეს სერიოზული სამხედრო ესკალაციები, მათ შორის თუ ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩაერთვებიან. ვფიქრობ, რომ ნატო სრულად დაუჭერს მხარს თურქეთის პოზიციას. წელს ძალიან ტურბულენტური წელია არამხოლოდ ეპიდებიების, არამედ გეოპოლიტიკური გადანაწილეების თვალსაზრისით. რადგან ამერიკაში საარჩევნო წელია, სიტუაცია ძალიან დაძაბულია ყველა რეგიონში, ამან არ შეიძლება საბოლოო ჯამში თავისი ნეგატიური გავლენა არ იქონიოს. ნებისმიერ დროს შეიძლება ეს მოხდეს. გამორიცხვა რაიმესი შეუძლებელია, მათ შორის სამხედრო ესკალაციის. ახლო აღმოსავლეთში მაღალი ტემპერატურა და სიტუაცია ნარჩუნდება, ამის გამო გულხელდაკრეფილები ვერ ვიქნებით ისე, რომ არაფრისთვის არ მოვემზადოთ“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, წუხელ, სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.

იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს. მას შემდეგ თურქეთმა ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიერა. რამდენიმე საათის წინ, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთისა და სირიის აჯანყებულების ჯარებმა იდლიბის პროვინციის საკვანძო ქალაქზე, სარაქიბზე კონტროლი ხელახლა მოიპოვეს და ალეპოდან დამასკოსკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო