გია ხუხაშვილი - მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის მოთხოვნის გაზიარება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შეიძლება, ხელისუფლებას რაიმე მორიგი ეშმაკობა აქვს ამაში ჩადებული

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „წინგადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს მმართველი გუნდის მზადყოფნას, გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც ამომრჩეველთა მხარდაჭერის 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ეს საინტერესო წინადადებაა, რადგან პროპორციული არჩევნები ზუსტად ამას უზრუნველყოფდა.

„კარგი იქნებოდა, რომ პროპორციული შემდგარიყო და ხელისუფლებას თავისი პირობა შეესრულებინა, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში თუ მივიღებთ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვას, რომ 40%-ის ქვემოთ პარტიამ, მიუხედავად მაჟორიტარული შედეგებისა, არ მიიღოს გადამწყვეტი უმრავლესობა, რაც მათ ძალაუფლებაზე მონოპოლიას უზრუნველყოფს, ჩემი აზრით, არის წინადადება, რის ირგვლივაც შეიძლება შედგეს კონსენსუსი. ასე რომ, სხვა წინადადებებისგან განსხვავებით, მე ამ წინადადებას ჩავუღრმავდებოდი და ამაზე ვიმუშავებდი, თუ ის, რა თქმა უნდა, სწორად გაფორმდება და რაღაც დამატებითი პირობებით არ იქნა დატვირთული. არ ვიცი, რა პირობები შეიძლება იყოს, ჩვენ ვხედავთ, რომ ნდობა პოლიტიკური დიალოგისადმი ძალიან დაბალია, შესაბამისად, ხელისუფლებას შეიძლება რაიმე მორიგი ეშმაკობა აქვს ამაში ჩადებული. თავისთავად ის, რაც გაახმოვანა მდინარაძემ, მე ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში არის გამოსავალი,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთანავე, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისთვის დრო აღარ რჩება და უკვე დროა განისაზღვროს „თამაშის წესები, რომლითაც საქართველო საპარლამენტო არჩევნებზე მივა“.

„რაში გვჭირდებოდა ჩვენ პროპორციული არჩევნები? იმაში გვჭირდებოდა, რომ არ მიგვეღო მოცემულობა, როდესაც მაჟორიტარული მანკიერების გამო ძალიან დამახინჯდებოდა სურათი ანუ დაბალი მხარდაჭერის პარტიას შეიძლება ჰქონოდა აბსოლუტური უმრავლესობა. თუ ეს შეზღუდვა დაწესდა, მე ვფიქრობ, რომ ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მთავარია, რომ მოლაპარაკებები შედგეს და რაღაცაზე შევჯერდეთ, რადგან დრო აღარ არის, ჩვენ უნდა დავადგინოთ თამაშის წესები, რა წესებით მიდის ქვეყანა არჩევნებზე.

თუ ისინი დარწმუნებული არიან საკუთარ ძალებში და 40%-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებენ პროპორციულ არჩევნებში, მაშინ უნდა მართონ ქვეყანა, რადგან ამას გულისხმობს დემოკრატია. სჯობდა, რომ ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, თუნდაც ეს 40%-იანი შეზღუდვა არ ყოფილიყო და 50+1 სისტემა შემოსულიყო, მაგრამ რადგან ეს ვერ ხერხდება და ხელისუფლება ამაზე არ თანხდება, 40%-იანი შეზღუდვაც, ჩემი აზრით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის შექმნას ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა