ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით - პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ!

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავარია, არ იყოს პანიკა.

„დავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამირან გამყრელიძისადმი ჩემი ნდობისა და პატივისცემის მიუხედავად, ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ „ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს".

ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა უნდა ახორციელებდეს, სცილდება ამ ორი ადამიანის საქმიანობის სფეროს. დუმს განათლების სამინისტრო. არადა სკოლების 27%-ში ხელსაბანი არაა. საპონი იქაც არაა, სადაც ხელსაბანია. დუმან მუნიციპალიტეტები. ბაღები მათი ქვემდებარეა. ვინმე დამატებით ტრენინგს/ახსნა განმარტებას აღმზრდელებს, მასწავლებლებს უტარებს?

არაფერი ვიცით ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიღმა. თუ საზღვარზე შემსვლელები რისკ-ჯგუფია, დამხვედრები ანუ მესაზღვრე-პოლიციელები, მებაჟეები, პერსონალი? პირბადეები ჯანმრთელებს არ სჭირდებათ, მაგრამ ვისაც ახველებს და სხვა სიმპტომები აქვს, მათთვის არის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგი, რომ მედპერსონალი დავიცვათ? სტანდარტული ანტი-ვირუსული მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების მარაგი შემოწმებულია?

თუ პირბადეების დარად, მაგაზეც მხრებს ავიჩეჩავთ, რომ დაგვჭირდეს? ტურიზმის სექტორს როგორ უჭირს უკვე, ვინმემ მოიკითხა? მხოლოდ იმით, რომ ამირან გამყრელიძე დამაჯერებლობას და პროფესიონალიზმს ასხივებს (არის კიდეც!) და ამით გვამშვიდებს, შორს ვერ წავალთ.

პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ!“,-წერს ჭიაბერაშვილი.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით