მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში 39 პაციენტია, აქედან 21-ის ტესტის პასუხი უარყოფითია

22 პირიდან 21-ს, ვისაც ინფექციურ საავადმყოფოში ნიმუშები გუშინ და დღეს აუღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დადებითი, რომელზეც ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

„მხოლოდ 1 ტესტი აღმოჩნდა გუშინ საღამოს ჩატარებული კვლევით დადებითი. ჯამში გუშინ დღის მეორე ნახევარში და დღეს 22 ტესტი გაკეთდა, საიდანაც ერთი დადებითი დანარჩენი 21 უარყოფითი შედეგით დაფიქსირდა. გვაქვს კორონავირუსის მხოლოდ ორი შემთხვევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, 31 წლის ქალს, ვისაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა განსაკუთრებული მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

„ამ ქალს როგორც ვიცი განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა იმ პირებთან რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, ჩატარდება მკურნალობა. მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში 39 პაციენტია, აქედან 21-ის ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ამ 21 პირს ვამზადებთ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად. უკვე მოსულია ერთი სამარშრუტო მანქანა, რომელიც მათ ნაწილს წაიყვანს, ასევე ველოდებით მეორე სამარშრუტო მანქანასაც. დარჩება აქ 18 პაციენტი. აქედან დღის პირველ ნახევარში აღებულია სინჯები და 8 პირის ტესტირების პასუხი ცოტა მოგვიანებით, ღამით იქნება. თუ რომელიმეს პასუხი ნეგატიური იქნება, მათაც საკარანტინო სივრცეში გადავიყვანთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა