ამირან გამყრელიძე - ერთმანეთისადმი სოლიდარულნი უნდა ვიყოთ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ერთად დავძლიოთ პრობლემა და არა მეტი პანიკა გავაღვივოთ ქვეყანაში

ერთმანეთისადმი სოლიდარულნი უნდა ვიყოთ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ერთად დავძლიოთ ეს პრობლემა და არა მეტი პანიკა გავაღვივოთ ქვეყანაში,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიას განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას გუშინდელ განცხადებას.

ამირან გამყრელიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე.

"ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული დაწესებულება საქართველოში ინფექციებთან ბრძოლის მხრივ, მათ აქვთ ყველაზე დიდი გამოცდილება ინფექციების კლინიკური მართვის, არა მარტო ამ ინფექციის, რომელიც კლინიკურად ჯერჯერობით შედარებით მსუბუქია, არამედ საკმაოდ მძიმე ინფექციების, როგორიცაა, მაგალითად: "ყირიმ კონგოს ცხელება, "ციმბირის წყლული", ბრუცელოზი და ბევრი განსაკუთრებით საშიში ინფექცია. იქ მუშაობენ ძალიან პროფესიონალი ადამიანები. ამ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში გარკვეული დაძაბულობა არის, მათ შორის ჩვენთანაც, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა შევქმნათ ფეთქებადი სიტუაციები იმიტომ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი თქვენთან ერთად ორიენტირებული ვართ, რომ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ რამდენადაც შესაძლებელია ინფექციის გავრცელება და მათ ვუმკურნალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებისადმი, ჩვენ უნდა დავზოგოთ საზოგადოება. ექიმები, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, იქ არის მთელი რიგი პუნქტი, რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ სახალხოდ და რა არა.

მოგეხსენებათ, „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“, ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. არ ვიცი იქ რა იყო სწორი და რა არა, ამის განსჯას ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაციის ამ სახით მიწოდება საზოგადოებისადმი, მხოლოდ ავნებს მას. შეგეძლოთ, მიბრძანებულიყავით სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გეჩვენებინათ კადრები და გეთქვათ, ბატონებო, ეს ასე არის და სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ამ ქვეყანაში და ჯანდაცვის სისტემაში რამდენი ნაკლი გვაქვს ჩვენ, შეიძლება , ჩემზე კარგად იმ არხმა არ იცოდეს, ვინც ეს გააკეთა. ერთმანეთისადმი სოლიდარულნი უნდა ვიყოთ, ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ერთად დავძლიოთ ეს პრობლემა და არა მეტი პანიკა გავაღვივოთ ქვეყანაში “,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 29 თებერვალს, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ბოიკოტს უცხადებს ტელეკომპანია „მთავარ არხს” და იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხი” იქნება ბრიფინგზე, კომენტარი არ გაკეთდება.

"მთავარ არხზე" გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გამო ბოიკოტს უცხადებს "მთავარ არხს", დატოვოს საბრიფინგო სივრცე",- განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა