სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ბრალდებულმა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რაში ითხოვს ბრალდებული თანხას. ასევე საქმეში არსებობს პირდაპირი მოწმის ჩვენებაც. პროკურორი აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების რისკი.

როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, გიორგი გოგიჩაიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, ამიტომ სასამართლომ ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს, თუმცა, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული, დაცვის მხარე გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდას მიიჩნევს მიზანშეწონილად.

სასამართლოზე სიტყვა წამოსთქვა ბრალდებულმაც, რომელმაც პატიმრობის ალერნატივად ელექტრონული სამაჯურის ტარება ითხოვა.

"არსებობს სამაჯურიც და შეგვიძლია, თბილისიდან გაუსვლელობაც კი გამოვიყენოთ. რაც შეეხება იმას მე მოვახდენ ვინმეზე ზეწოლას მე მარტო ვმოქმედებდი ყველაფერი გამოძიებულია და როგორ შეიძლება მოვახდინო ზეწოლა. ეს ყველაფერი ხდება ბორჯომში მე თბილისში ვცხოვრობ მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ნიკოლოზ მეტრეველისგან თანხას ხშირად სესხულობდა და მისგან დაკავებისას სწორედ ნასესხები თანხა ამოიღეს.

საქმის მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი დააკავეს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით