არჩილ თალაკვაძე - ვგეგმავთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და 40%-ზე გაცილებით მაღალი შედეგი მივიღოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მომავალ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას და 40%-ზე გაცილებით მაღალი შედეგის მიღწევას გეგმავს.

როგორც თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ მიერ ოპოზიციისთვის წაყენებული პირობა სამართლიანია.

„მთელი კვირის განმავლობაში ოპოზიციის მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ პარტიას, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის და ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ეს არის, ჩვენ არც კი გვიფიქრია, როდესმე ჩვენი კამპანიის დაგეგმვისას, წარსულში, არც ერთ საპარლამენტო არჩევნებში ამაზე ნაკლები შედეგი არც გვქონია. შესაბამისად, არც მომავალში ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით რომელიმე პარტიას და მითუმეტეს, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლება უნდა ჰქონდეს. პირიქით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და 40%-ზე გაცილებით მაღალი შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, ეს პირობა ჩვენთვის ცალსახად სამართლიანია. ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ოპოზიციას კონკრეტული საკანონმდებლო მონახაზი, როგორ შეიძლება ეს აისახოს. მეორე, როდესაც საუბარია პროპორციებზე, პირდაპირ მინდა გითხრათ, თუ ეს 40%-ის პრინციპი იქნება ასახული კანონმდებლობაში, 110/40-ზეც, 110/50%-ზეც, რეალურად მეორეხარისხოვანი საკითხი ხდება, ვინაიდან ამ 40%-იანი ბარიერის დაწესების შემთხვევაში, ეს გადანაწილება 10-ით მეტი იქნება, თუ ნაკლები, საბოლოო შედეგებზე დიდ გავლენას ვერ ახდენს“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მის თქმით, თუ ოპოზიციას შეთანხმება სურს, ხელისუფლების მხრიდან ყველა პირობა არის შექმნილი.

„ჩვენთვის მიუღებელია ხალხის ხარჯზე და ხალხის ხმებით რაიმე ტიპის ასეთ ვაჭრობებში შესვლა, რომელიც 5-ით მეტ, თუ 5-ით ნაკლებ ადგილს უკავშირდება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ყველა საკითხი, ყველა ის წუხილი, რაც მოლაპარაკებების პროცესში გამოთქმული იყო, დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით მოგვარებულია. თუ ოპოზიციას შეთანხმება სურს, ამისთვის ყველა პირობა შექმნილია, ნაბიჯები ყველა მხრიდან გადადგმულია. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ამ პროცესში კონსტრუქციული იყო, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. თუ ოპოზიციას შეთანხმება სურს, ჩვენი მხრიდან ყველა პირობა არის შექმნილი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მან აღნიშნა, რომ შეთანხმების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან არ სურს, მოლაპარაკებებს ხელი შეეშალოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა