არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებასთან დაკავშირებული ინიციატივის თაობაზე სამუშაო შეხვედრა უნდა გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დაწესდეს თუ არა უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებებზე მორატორიუმი - ამაზე სამსჯელოდ სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ შეხვედრას თავადაც დაესწრება.

„სამწუხაროდ, ეს არ არის 3 და 4 ოჯახი. არიან დაზარალებულებიც სხვადასხვა პერიოდში. ბატონო ბექა. თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ არ გვაქვს საბინაო პოლიტიკა. შემიძლია კონკრეტული მაგალითები გითხრათ საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით როგორც ცენტრალურ, სახელმწიფო დონეზე, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე სახელმწიფოს აქვს საჯარო პოლიტიკა განსაზღვრული. მეორეა, რამდენად არის ეს სრულყოფილი, მესამეა, რამდენად გვაქვს ჩვენ ამისთვის საკმარისი ეკონომიკა და როგორ უნდა განვითარდეს ეს მომავალში. მაგრამ მოდით, ან სულ, ან არაფრის პრინციპით ნუ მივუდგებით ამ საკითხს, რადგან ჩვენი, გადასახადების გადამხდელების 100 მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯება საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის, რაც ნიშნავს, რომ რაღაც არსებობს ამ სფეროში, გარკვეული პოლიტიკა და პროგრამა არსებობს“, - მიმართა თალაკვაძემ მორატორიუმის გამოცხადების იდეის ავტორს, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, რომ ბიურომ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ მიმართოს ხელისუფლებას დეკლარაციული მოთხოვნით, რომ გამოაცხადოს მორატორიუმი.

“მორატორიუმს აქვს თავისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. დღეს ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რომც გვქონდეს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული ჩვენთვის. შესაბამისად, თუ მორატორიუმის გამოცხადება პროცესს დაეხმარება და შემდეგ გარკვეულ შედეგს მოგვცემს ამის განხილვა შესაძლებელია მოკლე დროში და შესაძლებელია შესაბამისი პროცედურით იყოს ინიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ ამის განხილვას ვერ შევძლებთ ბიუროს სხდომაზე. ბევრი ნიუანსებია აქ, ცალკე გამოსაყოფია საბანკო სექტორი, კერძო გამსესხებლების ცალკე თემაა და ყველაფერი სანახავია დეტალურად. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა მხარის პოზიცია, ყველა შესაძლო შემთხვევა და ლოგიკა გავითვალისწინოთ. იმიტომ, ვართ ჩვენ კანონმდებლები, რომ მივიღოთ მაქსიმალურად სამართლიანი რეგულაციები. სამართლიანი იყო ის საკითხი, როდესაც დავარეგულირეთ, რომ ბოლო საცხოვრებელი არ იყოს უზრუნველყოფაში ჩადებული და ეს აკრძალვა შემოვიღეთ. თუ ეს კვლავ მუშაობს საკრედიტო ბაზრის სხვა სეგმენტში, ეს სანახავია. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ასეა თუ არა, შესაბამისად, გამიჭირდება შევიდე სიღრმისეულ განსჯაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კარგი იქნება ამ თემაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდეს.

„მეც მივიღებდი დიდი ინტერესით მონაწილეობას ბატონ ბექასთან ერთად. შეგვიძლია ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეა, ხვალ ან ზეგ გავაკეთოთ ასეთი შეხვედრა და განვიხილოთ რა ზომები შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხია, რაც უბრალო ადამიანებს ეხებათ. გთხოვთ კოორდინაცია გააკეთოთ ვისაც გეხებათ და ერთ სამუშაო შეხვედრას პირადად მეც ვუმასპინძლებდი ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე სამთვიანი მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს