ნიკოლ ფაშინიანი - დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ღირებულებები და ისტორიული მემკვიდრეობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

„პირადად მინდა ჩემი და სომხური დელეგაციის სახელით მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის, ბედნიერი ვარ ამ საშუალებისთვის. მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არის. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას. კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. უპირველეს ყოვლისა, ეს დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების, ჩვენი ხალხების საერთო ხედვაა, რაც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს. მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გასაფართოებლად“,-განაცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას მისი მოწვევის მიღებისა და ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილა ყურადღება.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის.

ასევე, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო