თუ ოპოზიციას დღემდე სჯერა, რომ სხდომების გაცდენით უფრო კარგად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ისინი ბოიკოტს განაგრძობენ და ხვალ პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრებიან.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.
„ხვალ საქართველოს პარლამენტში თავის ანგარიშს წარადგენს პრეზიდენტი. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ პრეზიდენტის ანგარიში და ვისაუბროთ ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში დგას. ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველთვის და რეგლამენტშიც ასეა, რომ თავისი პოზიციები გამოხატოს და დასვას კითხვები, რომელიც მისთვის საინტერესოა. რა თქმა უნდა, მოველით, რომ ეს იქნება საინტერესო განხილვა. პრეზიდენტის მოხსენება როგორც წესი ეხება ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილს არ ესმის, რომ მათი მოვალეობა არა განზე დგომა და გაბუტვა, არამედ პროცესში მონაწილეობაა.
„რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ისინი დიდი ხანია არიან ბოიკოტის რეჟიმში, მათ სცადეს პარლამენტის დაკეტვა ბოქლომებით. სამწუხაროდ, არ ესმის ოპოზიციის ამ ნაწილს, რომ მათი მოვალეობა და საზოგადოების დაკვეთა მათ მიმართ არის არა განზე დგომა და გაბუტვა, არამედ არის მონაწილეობა პროცესში. თუ მათ დღემდე სჯერათ, რომ სხდომების გაცდენით უფრო კარგად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.