ამირან გამყრელიძე - საკარანტინო ზონებში 150-მდე ადამიანი იმყოფება, საავადმყოფოებში კი კორონავირუსის სიმპტომებით 41 პაციენტია მოთავსებული

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთაგან სიმპტომები მხოლოდ ერთს აღენიშნება.

„თებერვლის დასაწყისიდან ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომელიც იყო და არის დაკვირვების ფაზაში. აქედან ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა. ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა კორონავირუსული ინფექციით. სამი ავადმყოფი, რომელიც მოთავსებულებია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს გრძნობს კარგად, მხოლოდ ერთთანაა მცირე სიმპტომები, მაგრამ სამივე ავადმყოფის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში დაკვირვების ქვეშ 150-მდე ადამიანია, ხოლო კორონავირუსის კლინიკური სიმპტომებით ამჟამად საავადმყოფოებში სულ 41 პაციენტია მოთავსებული.

„კარანტინში დღევანდელი დღით დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი. როგორც მოგეხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილება, ვივა-მედი, ასევე მოგეხსენებთ უკვე იღებს საკარანტინოდ და ასევე შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგიც, გორის სამხედრო ჰოსპტალი და ასევე, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში. შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, 5 არის სეფსისის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში, სადაც ინფექციური პროფილის ორი საავადმყოფოა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ვირუსის ინტენსივობამ იკლოს. თუმცა, გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის აღნიშნული ქვეტიპი და შტამი არის ახალი, რომლის "ქცევის ფორმატი" მეცნიერებმა ჯერ კარგად არ იციან.

"მითი არ გახლავთ, რადგან ეს არის რესპირაციული ვირუსი და ზოგადად რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა და არის ამის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ინტენსივობამ ამ ვირუსისა და კორონავირუსული ინფექციის იკლოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვირუსის ეს ქვეტიპი და ეს შტამი გახლავთ ახალი, რომლის ისტორიაც გახლავთ მხოლოდ ორი თვე. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, დიდი ალბათობით, ვირულენტობა ამ ვირუსის თანდათან შემცირდება",-განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა