რომან გოცირიძე - მაინტერესებს, გაბედავს თუ არა სალომე ზურაბიშვილი, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიო

მაინტერესებს, ქალბატონი სალომე პუტინს ახსენებს თუ არა - ვერ ახსენებს, ვერც ერთ მწვავე საკითხს ვერ დააყენებს, ვინაიდან მისი თავისუფლება შემოფარგლულია ივანიშვილის მიერ მიცემული უფლებებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში დღეს დაგეგმილ პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დავალებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

„ბოიკოტი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენსა და ამომრჩევლის დამოკიდებულებას პრეზიდენტისადმი, ვინაიდან ის არ არის პრეზიდენტი, ის ასრულებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს.

ჩვენ ვაქცევთ ზურგს ადამიანს, რომელიც არის ფორმალური ფიგურა საქართველოს სახელისუფლებო იერარქიაში, რადგან პრეზიდენტი, მთავრობა და სასამართლო დღეს მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და მის მიერ ნათქვამ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. მე ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ასე უყვართ ხოლმე თქმა, თუკი რაიმე აიძულებთ, რომ რუსეთი კრიტიკულად ახსენონ.

წინასაარჩევნოდ რუსეთის კრიტიკაზე უფლება აიღეს თავად რუსეთისგან. ახლა მოვისმინეთ ძალიან გასაკვირი განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ რუსეთმა საქართველოზე განახორციელა თავხედური კიბერთავდასხმა. სადღაც ინტერვიუ მიუცია, გასაკვირია, 8 წელი გავიდა და ივანიშვილს პუტინი არ უხსენებია. ერთადერთხელ ახსენა, როცა ბრძანა, რომ არ სჯერა, რომ პუტინს სხვა ქვეყნების დაპყრობა უნდა და სამი თვის მერე პუტინმა დაპყრო ყირიმი - საქართველოს დაპყრობა კი არ უნდოდა შემოეპყრო, უჩხიკინებდნენ. ნოდარ დუმბაძე თუ გახსოვთ, „თეთრ ბაირაღებში“, ქართველებს ძალიან უცნაური გამონათქვამი გვაქვსო, შემომეჭამა, შემომეფლანგა, შემომაკვდა, შემომეუპატიურა, არ მინდოდა, მაგრამ მაიძულაო - არ უნდოდა ამ პუტინს ოკუპაცია, მაგრამ ვიღაცებმა აიძულეს.

მაინტერესებს, ქალბატონი სალომე პუტინს ახსენებს თუ არა. ვერ ახსენებს, ვერც ერთ მწვავე საკითხს ვერ დააყენებს, ვინაიდან მისი თავისუფლება შემოფარგლულია ივანიშვილის მიერ მიცემული უფლებებით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, რეალურად პრეზიდენტს ბევრ მწვავე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

„მან უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ ქმედებებზე, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლის წინააღმდეგაც საქმე არის აღძრული. იგივე შეწყალებასთან დაკავშირებით. ასევე, აპირებს თუ არა ის დეკანოზ მამალაძის შეწყალებას, აპირებს თუ არა გაბედოს და გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან. თუმცა, ეს იქმება ფუჭი შეკითხვა, ვინაიდან, ის ამას ვერ წყვეტს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა