საია შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოფილი გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციებში ასახული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას. ამ მიზნით დეკლარაციები შეირჩევა სამი გზით: ა) ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითობის პრინციპით; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადებით; გ) დამოუკიდებელი კომისიის მიერ.

„2019 წელს ეს უკანასკნელი პირველად შეიქმნა და შედგებოდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან. მასში ჩართული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. გასული წლის 11 იანვარს კომისიის მიერ შეირჩა 302 დეკლარანტი, მათ შორის შალვა თადუმაძე. კანონმდებლობის მიხედვით მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ბიუროს მიერ ქვეყნდება. 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, რომელშიც შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი არ იყო ასახული.

ამის შემდეგ, საია-მ საჯარო სამსახურის ბიუროსგან მოითხოვა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მოცემული იქნებოდა შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების საბოლოო ანგარიშში შეუტანლობის მიზეზები. საჯარო სამსახურის ბიურომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე. ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიუროს მონაცემების გაუცემლობის საფუძველი შესაძლოა ჰქონოდა, შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანაა, რა დროსაც ბიურო ვალდებულია საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. მნიშვნელოვანია, რომ საია-მ იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში. ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს გაასაჯაროოს შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგი და განმარტოს მისი გასაიდუმლოების სამართლებრივი საფუძველი.

„საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს საია საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს