ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ გათვლა მხოლოდ ინფექციურზე გააკეთეს და უფრო მასშტაბურად არ მოემზადნენ

ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ გათვლა მხოლოდ ინფექციურზე გააკეთეს და უფრო მასშტაბურად არ მოემზადნენ, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროფილური საავადმყოფოს არსებობის მიზანშეწონილობას.

ჭიაბერაშვილის თქმით, 2009 წლიდან, სავალდებულო გახდა ინფექციური ბოქსების არსებობა მრვალპროფილურ საავადმყოფოებში, რომელი სტანდარტიც ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრად უნდა აკონტროლოს.

„პროფილური საავადმყოფოები (მაგალითად, დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებული და სავალალო მდგომარეობაში მყოფი ონკოლოგიური საავადმყოფო) საბჭოთა მემკვიდრეობად გვერგო. განვითარებულ ქვეყნებში, ძირითად, არსებობს მრავალპროფილური საავადმყოფოები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს მულტიდისციპლინური ჯგუფები უვლიან/მკურნალობენ.

როდესაც საქართველოში საავადმყოფოების მასობრივი განახლება დაიწყო 2009 წლიდან, სავალდებულო გახდა ინფექციური ბოქსების არსებობა მრვალპროფილურ საავადმყოფოებში, რაც გამართლებულია თანამედროვე სტანდარტით. უდაოა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრად უნდა აკონტროლოს ეს სტანდარტი.

ეს არ ნიშნავს, რომ ცალკე არ არსებობდეს ინფექციური ცენტრი, ოღონდ როგორც უფრო კვლევითი ინსტიტუტი და მრავალპროფილური საავადმყოფოებისათვის „კადრების სამჭედლო“. მას თუნდაც უმაღლეს დონეზე მოწყობილი 20 ბოქს-პალატა ჰქონდეს დღეს, იმ ტიპის გამოწვევისთვის, რასაც კორონავირუსი წარმოადგენს, ეს მაინც არასაკმარისი იქნებოდა. ინფექციურში შესანიშნავი და კვალიფიცური სპეციალისტები მუშაობენ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ გათვლა მხოლოდ ინფექციურზე გააკეთეს და უფრო მასშტაბურად არ მოემზადნენ. შაბათის შემდეგ, რაც მეც არაერთხელ საჯაროდ ვურჩიე, დაიწყეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებზე აქცენტის გადატანა, რაც სწორია და კარგია,“ - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამასთან, ჭიაბერაშვილი ტერიტორიის პრივატიზაციის მიზანშეწონილობაზე წერს.

„2009 წელს ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული 18-ივე შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო. მთავრობამ ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა ტერიტორიის პრივატიზაცია (2 წლით ფუნქციის შენარჩუნებით) და სეფსისის ცენტრისა და ინფექციურის სხვაგან (ქალაქის განაპირას) გადატანა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ტროცკისტებს, ვინც საერთოდ პრივატიზაციის იდეას ეწინააღმდეგება, შევახსენებ, რომ ხონისა და ბათუმის ფსიქიატრიულები სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში, დავით სერგეენკოს მინისტრობის პირობებში გაიყიდა. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესოს და დაიცვას მკაფიოდ წესები და სტანდატრები, თუ რა ხარისხის მიღება უნდა ამ საავადმყოფოებში პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე.

პატივსაცემია და დასაფასებელია დავით სერგეენკოს გულწრფელი ბოდიში, რომ ინფექციურის ცალკე გადაყვანა დღემდე ვერ მოხერხდა. მეც ჩემი მხრიდან ვუერთდები მას ამ სინანულში.

ამასთან, მიმაჩნია, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ყველაზე მეტად მგონია ვერშეთანხმება კონცეფციაზე, რა მასშტაბის და რა ფუნქციის უნდა იყოს ახალი ცენტრი“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია