სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან და რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები სააქართველოზეც ისახება.

„ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდება ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს შორის, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან - პირიქით. ამ ახალი ურთიერთობების განმსაზღვრელი არის სრული პრაგმატიზმი - ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც არც ერთი იდეოლოგია აღარ ნიღბავს. მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება. დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას. ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრები. ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები.

„რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა - მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა გამოსვლისას.

პარლამენტში პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა- პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.

დღევანდელ სესიას არ ესწრება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ცნობილია ასევე, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები". რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და „სოციალ- დემოკრატებს“, როგორც დღეს ფრაქციის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს, თუმცა, ის დაკავშირებულია არა პრეზიდენტის გამოსვლასთან, არამედ საარჩევნო სისტემასთან. ამდენად, შესაძლოა, ფრაქციის ცალკეული წევრები სხდომას დაესწრონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო