ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია იტალიის ელჩისგან მიიღო

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთ ქართველ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად იმყოფება იტალიაში დაუდგინდა კორონავირუსი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან. ცოტა ხნის წინ დამთავრდა შეხვედრა იტალიის ელჩთან, სადაც მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქართველი პაციენტი მკურნალობას გადის რომის ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან, საიდანაც მივიღებთ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.

“ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, პოზიტიური გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც კორონავირუსით დაავადებული არაერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რა თქმა უნდა, ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, - აღნიშნა იტალიის ელჩმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა