გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე - ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ, როგორც ახერხებენ რეალურ საქმეზე საუბრის ნაცვლად პოლიტიკური ზიზღის შერევას

ევროპული საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს“.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება რეალურ საქმეზე საუბრის ნაცვლად, პოლიტიკური ზიზღის შერევას ცდილობს.

„საზოგადოებამ მოისმინა პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადება ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების, საფრთხეების შესახებ.

როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, როგორი უკლასო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ ასეთ სერიოზულ საკითხზე გამოსვლისას, იმის მაგივრად, რეალურ გეგმებზე ლაპარაკობდე და არა სადღეგრძელოებზე, მთავრობა რა ნაბიჯებს გადადგამს, ასეთ დროს პრიორიტეტს ანიჭებ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე კი არა იმ უმრავლესობაზე თავდასხმას, რომელიც ხელისუფლებისა და ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულია. ეს არის იმის მაგალითი, როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აბარია. როგორ შეიძლება ამ ადამიანის, ან ივანიშვილის გარემოცვის იმედად იყოს ეს ქვეყანა ნებისმიერი გამოწვევის დროს.

ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, რომ ხვალ კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზოთ მთავრობასა და საზოგადოებას, რისი გადადგმაც შესაძლებელია ამ გამოწვევების დროს, როცა ასე დაარტყა ამ ყველაფერმა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას, საქართველოს ეკონომიკას, მოქალაქეებსა და მათ შემოსავლებს.

ვიმეორებ, ამაზე უნდა იყოს მთავრობა კონცენტრირებული. ამის იმედი არც გვქონდა, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ, როგორც ახერხებენ ეს ადამიანები სრულიად უპასუხისმგებლოდ ამ ტიპის პოლიტიკური ზიზღის შერევას რეალურ საქმეზე საუბრის ნაცვლად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა