გიორგი ვაშაძე - ერთ რჩევას მივცემდი კახა კალაძეს - ნუ ჰგონიათ, რომ 1%-იან ბარიერთან დაკავშირებულ ანკესზე ვინმეს წამოაგებენ, ამის გამო ოპოზიცია ვაჭრობას არ დაიწყებს

ერთ რჩევას მივცემდი კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ მესვეურებს - ნუ ჰგონიათ, რომ უბარიერო, თუ 1%-იან ბარიერთან დაკავშირებულ ანკესზე ვინმეს წამოაგებენ. ამის გამო ოპოზიცია ვაჭრობას არ დაიწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის გაკეთებული შეთავაზება 1 %-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებასაც გულისხმობს, რაც ყველა პარტიას საშუალებას მისცემს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით წინ კიდევ საკმაოდ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.

„პირველი, მივესალმები, რომ კალაძემ ტონი შეარბილა და მიხვდა, რომ სხვაგვარად უნდა ილაპარაკოს. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ოპოზიცია სკამებით არ ვაჭრობს, 110/40-ზე ჩვენთვის მისაღები არ არის და ეს კარგად უნდა გაიგოს. ასევე კარგია, რომ 120/30-ზე მან არ ჩაკეტა ამ თემაზე საუბრის მექანიზმი. მისთვის დამახასიათებელი კატეგორიულობიდან ჩვენ გადავედით მისთვის არადამახასიათებელ არაკატეგორიულ განცხადებებზე. ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება შეთანხმება, თუმცა შეთანხმება იქნება ისე, რომ ოპოზიციის ინტერესები და ზოგადად, რაც მთავარია, ხალხის ინტერესები დაცული იქნება. 110/40-ზე სისტემა ოპოზიციისთვის მიუღებელია. კიდევ ერთ რჩევას მივცემდი კალაძეს და „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ნუ ჰგონიათ, რომ ამ უბარიერო, თუ 1%-იანი ბარიერის ანკესზე ვინმეს წამოაგებენ და ამის გამო ოპოზიცია ვაჭრობას დაიწყებს. ამის გამო ოპოზიცია ვაჭრობას არ დაიწყებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მივალთ შედეგამდე. 125/25-ზე თუ უფრო სწორად, 130/20-ზე, რაც იყო ნახსენები ოპოზიციის მხრიდან, არის ის ადეკვატური პროპორცია, რომელმაც შეიძლება მეტ-ნაკლებად პროპორციული არჩევნები უზრუნველყოს ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 1%-იანი ბარიარის საკითხი ოპოზიციისთვის მეორეხარისხოვანია.

„შეიძლება მნიშვნელოვანია გარკვეული პარტიებისთვის, მაგრამ მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული მისწრაფება, რა პირობაც ჩვენ საზოგადოებასთან დავდეთ ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ საკითხით, რომელსაც ახლა, ვითომ ჰგონიათ, რომ ოპოზიციას დაშლიან, ოპოზიციას ვერ დაშლიან. ოპოზიციის ერთობა არ დაიშლება, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. აქედან გამომდინარე, ტყუილად ცდილობენ ამ რაღაცებით, ვიღეცების თავის ჭკუაზე გადაბირებას. ხომ ვერ გადაიბირეს?! ოპოზიცია ერთიანია და მორჩა!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, დღის წესრიგიდან არ იხსნება „პოლიტიკური პატიმრების“ თემა.

„მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავამ, რურუამ, სხვებმა გააკეთეს განცხადებები, პოლიტპატიმრების თემა განრიგიდან არ იხსნება. ესეც ყველას უნდა ესმოდეს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურიმა მდივანმა კახი კალაძემ, საარჩევნო სისტემის შესახებ განაცხადა, რომ „110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია, რადგან 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს