კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ - მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზებია

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ასევე, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

„მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმის ოთხი ტალღისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას, რასაც გავლენიანი ჯგუფის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება და კანონმდებლობის ხარვეზები განაპირობებს.

სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის სათანადო დამოუკიდებლობას, რადგან მას საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. შესაბამისად, არამოსამართლე წევრებს არ აქვთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს ინსპექტორის შერჩევის წესს და ვერ უზრუნველყოფს კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას.

გარდა კანონმდებლობაში არსებული სერიოზული ხარვეზისა, ინსპექტორის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს მისი არჩევის პროცესიც. 2020 წლის 23 იანვარს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. კონკურსი სრულიად გაუმჭვირვალედ წარიმართა, რაც მოქმედი ინსპექტორის მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნა დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე საბჭოს მდივნის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეზღუდვას ემსახურებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი თანამდებობაზე არჩევის წესი და მოქმედი ინსპექტორის მჭიდრო კავშირი გავლენიან ჯგუფთან, ეჭვქვეშ აყენებს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.

გარდა ინსპექტორის დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიებისა, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურებაც. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის „მესამე ტალღით“ დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის ვადები განისაზღვრა, სამართალწარმოება დღემდე ვადების დარღვევით მიმდინარეობს და დისციპლინური სამართალწარმოება ჭიანურდება. 2019 წელს საბჭომ დისციპლინურ საკითხზე მხოლოდ 2 სხდომა ჩაატარა, შედეგად, არაერთი დისციპლინური საჩივარი ამ ეტაპზე განხილული არ არის. საბჭოს მიერ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა დისციპლინური სამართალწარმოების არაეფექტიანობისა და არაობიექტურობის განცდას აჩენს.

დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა სასამართლო სისტემის ავტორიტეტისა და საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის დაცვის ინტერესს ემსახურება, თუმცა, მეორე მხრივ, შეიცავს პოტენციურ საფრთხეს, მისი არასათანადოდ გამოყენების პირობებში, გადაიქცეს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად. სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, როგორც დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის, რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ხელშესაწყობად და სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში ჩართულმა ორგანოებმა დროულად, ობიექტურად და ეფექტიანად უპასუხონ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა