სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა

27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ ორი რეკომენდაციით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები, მოწვეული ლექტორის სტატუსით, წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებლებმა ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინეს.

„სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზებამ ცხადყო, რომ განმცხადებლების უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს განმცხადებლების მიმართ წარმოშობილ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი; ასევე შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს; უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ დ.ნ.-ს მიმართ დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

იხილეთ თ.კ.-ს მიმართ დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს