დავით ბაქრაძე - თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს

თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს და საქართველო ამოვიდეს იმ ძალიან ღრმა კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ხელისუფლების ტყუილმა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავასა და გიორგი რურუას განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, გიგი უგულავას და გიორგი რურუას პოზიცია იყო ძალიან ღირსეული და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი.

„ამ ნაბიჯით ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ შეთანხმების კარი არის ღია და ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების შეგნებაზე და მზადყოფნაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების თემა არის უმნიშვნელოვანესი და არასდროს არ იქნება ჩვენგან დავიწყებული და გვერდზე გადადებული, მაგრამ თვითონ ამ ადამიანებმა გამოიჩინეს ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი შეგნება.

თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს და საქართველო ამოვიდეს იმ ძალიან ღრმა კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ხელისუფლების ტყუილმა და რომლის გამოც ამხელა კრიტიკას იღებს ქვეყანა უცხოეთიდან და რომლის გამოც შიგნით ასე მოირყა პოლიტიკური სისტემა. ამიტომ მიმაჩნია, რომ გუშინდელი განცხადება არის კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი შესაძლებლობა და თუ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და არ შედგება შეთანხმება პროპორციულის რიცხობრივ მხარეზე, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც „ოცნებასაც” და მთლიანად საქართველოსაც, კიდევ უფრო ღრმა წინასაარჩევნო კრიზისში შეიყვანს”,- განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს.

„არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება“, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ამავე საკითხზე სოციალურ ქსელში „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას განცხადებაც გავრცელდა.

„როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან“, - ნათქვამია რურუას განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს