ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ავრცელებს.
მათი რეკომენდაციით, ორსულებმა ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ. ასევე, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ეპიდემიების დროს. უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა დიდწილად არის დამოკიდებული სათანადოდ ფუნქციონირებად ჯანდაცვის სისტემებსა და ინფექციის მიმართ დადგენილი სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვაზე.
რამდენადაც COVID-19-ის აფეთქება შეიძლება განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს ორსული ქალებისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდს სურს, რომ ინფორმაცია გააზიაროს აღნიშნული ჯგუფის წინაშე არსებულ რისკებთან დაკავშირებით არსებული მცირეოდენი მტკიცებულების ერთობლიობის, ასევე პრევენციული ზომების და რეკომენდებული შესაფერისი მკურნალობის შესახებ.
ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე.
ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ. რაც შეეხება პროდუქტებს, ხორცი და კვერცხი კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც „გაეროს მოსახლეობის ფონდი“ მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები ბავშვს დედის რძით გადაეცეს.
„მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული: სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ; თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალების და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.