ვიცე-პრემიერის განცხადებით, წყლის სექტორის დაფინანსება 8-ჯერ და უფრო მეტჯერ არის გაზრდილი, თუმცა ეს მაინც არასაკმარისია

წყლის სექტორის დაფინანსება 8-ჯერ და უფრო მეტჯერ არის გაზრდილი, თუმცა ეს მაინც არასაკმარისია,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წყალმომარაგების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაბრკოლებები ეხება როგორც დაფინანსებას, ასევე სხვა პროექტებთან შედარებით, პროექტების სირთულეს.

„რაც შეხება წყალს ზესტაფონსა და რამდენიმე სოფელში, ერთიანად ვეცდები, ამ კითხვაზე გავცე პასაუხი. ბევრმა თქვენგან იცის და უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი სირთულე არის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ეს სირთულეები ეხება დაფინანსებას, სხვა პროექტებთან შედარებით პროექტების სირთულეს. წყლის სექტორის დაფინანსების მიმართულებით შედარებისთვის, რომ გითხრათ, 2012 წელს, წყლის კომპანიის მაქსიმალური დაფინანსება 32 მილიონი იყო. ჩვენ, 2019 წელს მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან დავაფინანსეთ 276 მილიონი ლარის სამუშაოები, ანუ წყლის სექტორის დაფინანსება 8-ჯერ და უფრო მეტჯერ არის გაზრდილი. სამწუხაროდ, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რისი საჭიროებაც არის“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, არის სოფლები, სადაც წყალმომარაგება მოსაწესრიგებელია, მაგრამ რელიეფიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება არახარჯთეფექტურია.

„არის სოფლები, სადაც წყალმომარაგება არის მისაყვანი და უზრუნველსაყოფი, მაგრამ ეს ისეთი სოფლებია, სადაც ძალიან ძვირადღირებული სამუშაოები იქნება საჭირო ამ სოფლების რელიეფიდან გამომდინარე და შესაბამისად, იქ მცხოვრები ადამიანის სიმწირიდან გამომდინარე, არახარჯთეფექტურია. პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯოს ასეთი პატარა სოფლების წყლის ცენტრალკური სისტემების მოსაწყობად. ჩვენ ვმუშაობთ კორეელ პარტნიორებთან, ასვე სხვა ქვეყნებთანაც, ევროკავშირთან და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტებთანაც გვქონდა საუბარი, თუ რა სისტემები მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყანაში, საერთაშორისო გამოცდილება რა არის იმისთვის, რომ ცენტრალური წყალმომარაგების სისტემები მოწყობილი იყოს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, წყალმომარაგების მიმართულებით 2020 წლისთვის ბიუჯეტიდან 250 მილიონია გათვალისწინებული.

„ამ ეტაპზე, წყალმომარაგების მიმართულებით 2020 წლისთვის ბიუჯეტიდან 250 მილიონია გათვალისწინებული. ეს დაფინანსება პრაქტიკულად უკვე მიმდინარე პროექტებზეა გათვალისწინებული. ახალი, დიდი პროექტების დაფინანსების რესურსი 2020 წელს არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთი წუთით არ ვჩერდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა დამატებითი დაფინანსება მოვიპოვოთ“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა