პროკურორი ბუტა რობაქიძის საქმეზე - მიხეილ ქარელი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღო

მიხეილ ქარელი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის გაყალბების თაობაზე გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იქნა მიღებული, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კოტრიკაძე განმარტავს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მყოფ პირებს შემთხვევის ადგილის გაყალბების დავალება ირაკლი ოქრუაშვილმა მისცა.

პროკურორის თქმითვე, საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვება. კოტრიკაძის განმარტებით, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს როგორც ამ საქმეზე მსჯავრდებული პირების ჩვენებები, ასევე ზარების ნუსხა, რომლის მიხედითაც, პროკურორის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის იმჟამინდელი მობილური ტელეფონიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მობილურ ტელეფონზე ზარი შევიდა.

„საქმეში მოიპოვება 2004 წლის 24 ნოემბერს, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების პირდაპირი ჩვენებები, რომლებიც ამ საქმეზე მსჯავრდებულები არიან. ასევე არის, ირაკლი ოქრუაშვილის და ამ პირების მობილურ ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა, დეტალური ინფორმაცია, ანძების და სხვა კომუნიკაციების მითითებით. ასევე, სხვა მტკიცებულებები, რომელიც ერთობლიობაში შესაბამის სტანდარტს ქმნიან, რათა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

ამ მოწმეებს პროცესზე მოვიყვანთ და ნახავთ რა ჩვენებებს მისცემენ. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია კავშირგაბმულობის კომპანიებიდან და მათ შორის, იმ სამსახურებიდან, სადაც მსახურობდა იმ დროს ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ნომრით, იმ დროს ირაკლი ოქრუაშვილი სარგებლობდა. ასევე ვიცით, რომ მეორე ნომერი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილმა დარეკა, ამ ნომრით შემთხვევის ადგილზე მყოფი მსჯავრდებული სარგებლობდა. თუ რა უთხრა ოქრუაშვილმა მათ, კომუნიკაციის მონაწილე მხარეებმა უნდა გვითხრან.

უკვე განაჩენით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი გაყალბებულია, რომ იქ მყოფებს იარაღი არ ჰქონიათ. ამაზე განაჩენი დგას, ხალხს სასჯელი აქვს მისჯილი. კომუნიკაციის მეორე მხარე ამბობს, რა დავალება მიიღო. შესაბამისად, ეს პირები მოვლენ სასამართლოში, დაიკითხებიან, სხვა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ და მერე დასკვნები ერთად გავაკეთოთ. მიხეილ ქარელი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის გაყალბების თაობაზე გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იქნა მიღებული და იქ მყოფ პირებს ეს დავალება მისცა“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა 13 მარტს, 10:00 საათზე გაგრძელდება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო