სოფო კილაძემ ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მოინახულა

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ კლინიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მოინახულა. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

"სამწუხაროდ, მსხვერპლის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები გამართლებას არ მოუძებნიან იმას, რომ მსხვერპლმა მიიყვანა ძალადობამდე ან მკვლელობამდე მოძალადე, არაფერს კარგს არ უნდა ველოდეთ. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, განსაკუთრებით მამაკაცებს, რომ ხმა აიმაღლონ ქალების მკვლელობების, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. რასაც ვხედავ, ძირითადი ნაწილი მაინც ქალები უცხადებენ სოლიდარობას ქალებს და ხშირ შემთხვევაში, მამაკაცები თავს იკავებენ ხმამაღლა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან. ბუნებრივია, ეს ყველა მამაკაცს არ ეხება. საბედნიეროდ, არიან მამაკაცები, რომლესაც კარგად აქვთ გააზრებული ქალთა უფლებები, ასევე ჩვენი ტრადიციული მიდგომა ქალების მიმართ, რომ ქალებს ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პატივს სცემდნენ, დედებს პატივს სცემდნენ, ასევე ჩვენი რელიგია, რომელიც ამბობს, რომ პატივისცემა, ურთიერთგაგება ძალიან მიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დავივიწყეთ და დღეს ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალადობას აქვს ფართო ასპარეზი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბუნებრივია, ეს ყველა ადამიანზე არ ვრცელდება“, - აცხადებს კილაძე.

მან მედიას მოუწოდა, მსგავსი სიტუაციების არასწორი გაშუქებისგან თავი შეიკავონ, რათა ძალადობის წახალისება არ მოხდეს.

„მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პირდაპირ ხდება მკვლელობის მცდელობის კადრების გაშუქება. პირდაპირ ხდება ძალადობის კადრების გაშუქება. ეს ერთი მხრივ, არღვევს თავად მსხვერპლის უფლებებს და მეორე მხრივ, ზოგიერთი ადამიანისთვის წამახალისებელი ეფექტი აქვს. ვხედავთ, რომ, როდესაც მედიაში ძალადობის ერთი შემთხვევა ფართოდ გაშუქდება, ამას ჯაჭვურად მოყვება ძალადობის მოვლენები. ძალიან გთხოვთ, მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, თქვენც გარკვეულწილად შეიკავეთ თავი ასეთი სიტუაციების არასწორად გაშუქებისგან“, - აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში, 24 წლის სალომე ჩიქოვანს სხეულის დაზიანებები ყოფილმა ქმარმა გუშინ მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა