ნათია თურნავა - ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის ფრონტის ხაზზე, რადგან პირველი დარტყმა მათზე მოდის

ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ პირველი დარტყმა მოდის მათზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითიც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ რა შეიძლება იყოს კორონავირუსით გამოწვეული ყველაზე მძიმე სცენარი ტურიზმის ინდუსტრიისთვის.

მინისტრის განმარტებით, დარტყმა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაზე მოდის მათ შორის ქვეყნის ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგია, რასაც თვითონ ტურიზმის ინდუსტრიაც იზიარებს.

„ტურიზმის ინდუსტრია საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ბევრი ჯავშანი გაუქმებულია, ბევრი ჯავშანი გადავადებულია, მაგრამ ყველა უყურებს ამას, როგორც დროებით პრობლემას და საუბარი არის მართლაც უფრო მარტი, აპრილის პრობლემებზე და მაისიდან მოლოდინი არის, რომ ეს პრობლემა ასე თუ ისე იქნას გადალახული. განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ინდუსტრიისთვის, განწყობა სასტუმროების, განწყობა ტუროპერატორების, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეფუძნება ზოგადად ტურისტების განწყობას ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ფიქრობს, რომ, ალბათ, სადღაც მაისი - ივნისიდან კვლავ ნორმალური ცხოვრების რიტმი აღდგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, არავინ დღეს არ საუბრობდა ჩვენთან შეხვედრაზე, რომ ვინგრევით, ვიქცევთ და ტოტალური დახმარება გვჭირდება. დახმარების თხოვნაშიც კი მათ ოპტიმიზმი შეინარჩუნეს და მხოლოდ დროებითი ღონისძიებები მოითხოვეს. იყო ეს გადასახადებთან დაკავშირებული, შუამდგომლობა, ბანკებთან, ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან, მარკეტინგული მხარდაჭერა თუ სხვა. რომ ვეკითხებოდით მათი განცდა ამ დროსთან დაკავშირებით რა იყო, ყველა ასახელებდა ორ, მაქსიმუმ სამ თვეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის ინდუსტრია ხელისუფლების მიერ დაწესებულ შემზღუდავ ღონისძიებებს გაგებით ეკიდება.

„ტურიზმის ინდუსტრია ძალიან გაგებით ეკიდება იმ შემზღუდავ ღონისძიებებს, რისი დაწესებაც ჩვენ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად მოგვიწია და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამაყები არიან, რომ საქართველო ამაშიც აღმოჩნდა ერთ-ერთი სანიმუშო და მოგვიწოდებენ, რომ ასეთივე სანიმუშო დავრჩეთ ჩვენთან სხვადასხვა სახის უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის ტურიზმის ინდუსტრიას დაეხმაროს, მაგრამ ჯერ დახმარების გზებზე ეკონომიკური გუნდის შიგნით უნდა ჩამოყალიბდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს