ესტონეთის პრეზიდენტი - გვაწუხებს დაკავებები და პროპორციული არჩევნების ჩავარდნა, საქართველო დასავლური კლუბის წევრივით უნდა იქცეოდეს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა ჩავარდა და ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს. როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ესტონეთი საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს უჭერს.

„ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ“,-განაცხადა კალიულაიდმა.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მოსალოდნელი არ არის, ქვეყანა ამ კავშირების წევრების მსგავსად უნდა მოქმედებდეს.

„მიმდინარე მოვლენები იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს მიზნები და არ დაკარგოს წინსვლის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ შედეგს ვერ იღებდე. შეიძლება არ არსებობდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შემოთავაზება, რაც სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ, ასე დარჩება. მაგრამ ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის. უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან. მეორეს მხრივ, მზადყოფნა აუცილებელია. არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და თუ არ აკმაყოფილებთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, გაწევრიანება ძალიან ძნელი იქნება და თქვენ შესაძლებლობების ისტორიულ ფანჯარას გაუშვებთ ხელიდან. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს. თუ გინდათ იყოთ რომელიმე კლუბის წევრი, ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ამ კლუბის წევრები“, -თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო. როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბევრი სამუშაოა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტები ადამიანებს და პოლიტიკოსებს ახსოვდეთ.

„წარმოდგენა არ მაქვს რატომ ხდება ის, რაც ხდება. ერთი ის ვიცი, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არალეგალურია და რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ასევე მართალია ის, რომ იმაზე, თუ რა ხდება იქ, საკმარისად არ ვსაუბრობთ. რეგიონში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა უნდა დავაფასოთ. არ უნდა ვთქვათ ის, რომ ევროკავშირს დაავიწყდა რა ხდება იქ. ფართო საზოგადოებისთვის უკრაინა, იქ მიმდინარე ომის გამო, ერთგვარად საფიქრალ თემადაა ქცეული - არა ყოველდღიურ სანერვიულოდ, მაგრამ უკრაინაზე მაინც ნერვიულობენ. ბევრი სამუშაოა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტი ასევე ახსოვდეთ ადამიანებს და პოლიტიკის მწარმოებლებს“,-განაცხადა კალიულაიდმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო