კელი დეგნანი რუსეთის  დელეგაციაზე - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა.

„თუკი მან გადაწყვიტა, რომ ღონისძიება ჩატარდეს სტრასბურგში, არ მგონია, ეს უპრეცედენტო მოვლენა იყოს. ადრეც მომხდარა. ყოფილა პრეცედენტი. როგორც ვიცი, რუსეთი არ აპირებდა მკაფიოდ ეთქვა, ვის გამოგზავნას გეგმავდა დელეგაციის ხელმძღვანელად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით. ეს საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა არ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო მისთვის. ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუმცა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ პოლიტიკას უნდა მისდიოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ოკუპაციასთან გასამკლავებლად, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ არსებობს მექანიზმი და ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.

„ეს არის კონფლიქტი, რომელიც გადაწყდება დიალოგითა და დიპლომატიით. როგორი იმედგამაცრუებელიც უნდა იყოს ხანდახან და როგორი დროში გაწელილიც უნდა იყოს ეს პროცესი, აშშ თვლის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. საქართველო კვლავაც აჩვენებს თავის მყარ პოზიციას იქ. არის გარკვეული კრეატიული მიდგომები და ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვანია და არის გზების ძიება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისკენ, როგორ შენარჩუნდეს ეს კავშირები. ამ ურთიერთობების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ფოკუსირებულია ამაზე - საკუთარ მოქალაქეებთან კონტაქტის შენარჩუნებაზე. ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი,” - განაცხადა კელი დეგნანმა.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მისივე თქმით, ის, რასაც ამერიკა საქართველოსთან ერთად თავდაცვის უნარის გასაძლიერებლად აკეთებს, მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის.

„ნება მომეცით, გავიმეორო ჩვენი მყარი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს არის ის, რაც კვლავაც უცვლელია. რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიში და სრულიად მიუღებელია. ვფიქრობ, იმას, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ მისი უნარი, რომ დაიცვას თავისი საზღვრები და გაიზარდოს თანამშრომლობა საზღვაო სივრცესთან დაკავშირებული ინფორმირებულობის საკითხზე, აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რაც მისთვის სრულიად გასაგებია. არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს,” - განაცხადა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს ელჩის თქმით, მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა