კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება, რაც დაახლოებით, 350 მეტრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„დღეიდან ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს და ამით უკვე პროექტი მთლიანად დასრულდება. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა დაიწყო. პარალელურად, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების დამონტაჟებას ვიწყებთ. ასევე, ელექტროგადამცემი ბოძების, LED სანათების, ავტობუსის გაჩერებების მონტაჟს. მაისისთვის კი, ჭავჭავაძის გამზირი იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები, გაზსადენი, ამის შემდეგ კი ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი თინათინ ნიბლოშვილი გაეცნენ.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა შეიცვლება. დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება; ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება); ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება - მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები; ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა მხოლოდ მარცხნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი; ი. აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ტრანსპორტი არაყიშვილისა და კავსაძის ქუჩებს გაივლის.

ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ბერძენიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით; რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს - ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, ასევე, არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით; ავალიშვილის ქუჩაზე ავტომობილები ორმხრივად იმოძრავებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, N21, N51, N61, N85, N87 ავტობუსები და N170 მიკროავტობუსი, რომლებიც კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით მიშველაძის ქუჩას უკავშირდებოდნენ, მეოთხე ეტაპის სამუშაოების პერიოდში მიშველაძის ქუჩას ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მიშველაძის ქუჩიდან, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მოხვდებიან.

ბაგებიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N9, N59, N140 და ახალი მარშრუტი ბაგები - მ/ს „დელისი“, ასევე, მიკროავტობუსები N32, N126 და N202, ბაგებიდან მოძრაობისას თამარაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის ტერიტორიის ნაცვლად, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო შემდეგ მოძრაობას ამჟამად დადგენილი დროებითი სქემით გააგრძელებენ.

ავტობუსები N9, N59 და N137 მიკროავტობუსი, რომლებიც თამარაშვილის ქუჩის შემდეგ მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან; N83 ავტობუსი და მიკროავტობუსები - N4, N15, N44, N73, რომლებიც თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკის მხრიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და მიშველაძის ქუჩის გავლით ხვდებოდნენ, სამუშაოების პერიოდში აბაშიძის ქუჩას თამარაშვილის ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან.

ყველა დანარჩენი მარშრუტისთვის (N34, N88) სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების დროს დადგენილი სქემა უცვლელი დარჩება.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე