აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს.
რეპრესიული მანქანა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აამოქმედა. ხელისუფლებას სურს, რომ მედიაში არ ან ნაკლებად ისმოდეს კრიტიკული აზრი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
თანამშრომელთა გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ამის წარმოჩენა ე.წ. რეფორმად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ, პროფესიონალ ინდივიდებს, არამედ, ინსტიტუციებსაც. დეინსტიტუციონალიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების "რუსული ოცნება" და მისი მიზანია, საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება.
,,თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, უპირველესად, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს.
ჩვენ არ გვჯერა, რომ კონკრეტული მენეჯერები შეცვლიან გადაწყვეტილებებს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია კრიტიკული აზრი, თავისუფალი სიტყვა და დამოუკიდებელი მედია“, - ნათქვამია განცხადებაში.