ხელისუფლების კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან ახლოს არის ,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან აშშ- ის ელჩის რეზიდენციასთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს შეთანხმებასთან დაკავშირებით.
მან ასევე ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანა.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას რაც შეეხება, ჩვენთვის ამ თანმიმდევრობით არის ყველაფერი მნიშვნელოვანი: პოლიტიკური პატიმრები, ამის შემდეგ მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან, ამის შემდეგ ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება, იმისთვის რომ ოლქები იყოს თანასწორადი, თანაბარი ამომრჩევლების რაოდენობით და ამის შემდეგ ის, რომ ჩვენი საერთაშორისო მოკავშორეების ჩართულობა არ შეწყდეს, რაც შეეხება ეუთო-ს და ოდირ-ის რეკომენდაციებს, ყველაფერი პირწმინდად შეასრულოს ხელისუფლებამ. თქვენ თუ გახსოვთ, მეორე თუ მესამე რაუნდი იყო, მე თქვენ გითხარით, რომ სწორი მიმართულებით დაიძრა ხელისუფლება და იმედი მაქვს, ეს მოძრაობა გაგრძელდება, მით უემეტეს, კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან ახლოს არის. ყველაფერს მივაღწევთ, ან ვერაფერს მივაღწევთ. არის მარტივი წესი დიპლომატიის, თუ ყველაფერი შეთანხმებული არ არის, არაფერია შეთანხმებული",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.