გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე - ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც აქამდე იყო შექმნილი

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო სისტემისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე შეთანხმების შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების აცილებას.

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ახლა მთავარია შეთანხმება შესრულდეს.

„ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ქვეყანაში ჩატარდეს შედარებით ნორმალური, ან მთლიანად ნორმალური საარჩევნო კამპანია და არჩევნები, არის მიღწეული შეთანხმება. ერთი საკითხია საარჩევნო სისტემის საკითხი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. ცალკე დოკუმენტად შედგა შეთანხმება ამაზე. ცალკე შედგა შეთანხმება მომორანდუმზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი იყო - პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ჩვენ გვესმის, რომ სამთავრობო გუნდისთვის სხვა შეხედულება არსებობს და მათ პოლიტპატიმრებს არ ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს შედეგს. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არც ერთ მხარეს აღარ ჰქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების აცილებას. მთავარია ახლა შეთანხმება შესრულდეს.

ყველა პირი, რომელიც რომელიმე მოთამაშისთვის ამ მნიშველოვან პროცესში არის პრობლემატური საკითხი - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბატონი თამლიანი, არიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მათ პოლიტიკურ პატირებად მივიჩნევთ. ამ მემორანდუმს ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პარტიამ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“. ირმა ინაშვილმა არ მოაწერა ხელი გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისივე შეფასებით, „ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც შექმნილი იყო აქამდე“.

„დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, ამიტომ არც ჩემი კომენტარია ამისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა იყო ამ ვითარების განმუხტვა და შემდეგ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში მაინც ივანიშვილის დამარცხება არჩევნებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა