გია ხუხაშვილი - საკითხს არ განვიხილავდი ოპოზიციის გამარჯვებად ან ხელისუფლების დამარცხებად - ახალი მომენტი გაჩნდება, რაც სავარაუდოდ, კოალიციური ხელისუფლების ფორმირებით უნდა გაფორმდეს

ექსპერტ გიგა ხუხაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებისადმი დიპოლომატიური კორპუსის მხრიდან იძულების შედეგია.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებას „ფრთხილი ოპტიმიზმის“ საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილური საარჩევნო პროცესი წარიმართება და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შანსებიც დაიკლებს.

„ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ იძულებითი იყო. ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში, რომ ფაქტობრივად ყველა დეპუტატისთვის იბრძოდნენ და საკმაოდ აგრესიული ტონით - 100/50, 110/40 და საკმაოდ მკვახე რიტორიკაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან სულ რამდენიმე დღის წინ. კარგია, რომ საბოლოოდ მაინც ადაკვატურობა გამოავლინეს, დაემორჩილნენ პროპორციულ ძალას და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, რომ შანსი გვეძლევა, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური საარჩევნო პროცესი წარიმართოს. ერთადერათი საკითხი, რაც ღიად დარჩება, ეს არის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსის ბოროტად გამოყენების საკითხი და რადგან დავინახეთ, რომ ხელისუფლება იძულების მიმართ არის მოწყვლადი, შესაბამისად, ეს ზრდის შანსებს, რომ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შანსებიც საკმაოდ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ამის მცდელობები ალბათ იქნება. ასე რომ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, მისცემს თუ არა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების საშუალებას ახალი საარჩევო სისტემა, ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს მთავარი ამოცანა ეს არაა და მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ, ძალაუფლების უზურპაციის პრევენცია მოხდეს.

„მე არ განვიხილავდი საკითხს ასე, ოპოზიციის გამარჯვება, ხელისუფლების დამარცხება. მთავარია, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მეტ-ნაკლებად სამართლიანი, ასახავდეს პარტიების მიმართ იმ განწყობებს, რაც საზოგადოებაში გვაქვს დღეის მდგომარეობით. პროპორციული ჯობდა ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სისტემაც საკმაოდ მიახლოებულია სამართლიანთან, შესაბამისად, რა შედეგიც დაჯდება, ის შედეგი დაჯდება. რაც შეეხება იმას, თუ რა შანსები აქვს ოპოზიციას, მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია მძლავრად გამოიყურება, მაგრამ ამასთანავე არც არის ვფიქრობ, ამოცანა, რომ რომელიმე ერთმა ან კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლება. ისტორიის ამ ეტაპის ამოცანაა, რომ ჩვენ მოვახდინოთ ძალაუფლების უზურპაციის პრევენცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანკიერება გახდა საქართველოს უახლესი ისტორიის, როდესაც ერთი ძალა მოდის, მერე ირყვნება და ფაქტობრივად მიდის ძალაუფლების უზურპაციისკენ. ამის დაზღვევა ხდება ამ სისტემით, მთავარი ესაა და ფაქტობრივად, მოცემულობა ისეთია, რომ თუ საარჩევნო პროცესი წარიმართა ჯანსაღად, ჩვენ ავცდებით როგორც წარსულში დაბრუნებას, ასევე, ამ აწმყოს დატოვებას. რაღაც ახალი მომენტი გაჩნდება და ეს ახალი მომენტი, სავარაუდოდ, უნდა გაფორმდეს კოალიციური ხელისუფლების ფორმირებით, რაც შეიძლება მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ გვაზღვევს მთავარი მანკიერებისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან. როგორც ჩანს, ჩვემა პოლიტიკურმა ელიტამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს, უნდა ისწავლოს საუბარი, შეთანხმებები და შიდა ბალანსები, მრავალპარტიული ხელისუფლება მოახდენს იმის პრევენციას, რომ ერთი კაცის ხელში არ ჩავარდება ძალაუფლება და შემდგომი ფილტრაცია ალბათ 2024 წლისთვის რეალური პოლიტიკური ელიტის საფუძველს გააჩენს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო