დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი ყველა მოთხოვნა მიღწეულია, გარდა ერთისა: მაჟორიტართა რაოდენობა შემცირებულია - გადაწყვეტილება არის ქვეყნის სტაბილურობის სასარგებლოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას „ქვეყნის სტაბილურობის სასარგებლოდ“ მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც ხუნდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეთანხმება ყოველთვის კარგია, როდესაც სამიზნე ქვეყნის ინტერესები ხდება.

ამასთან, ხუნდაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ის მხარს დაუჭერს.

„შეთანხმება ყოველთვის კარგია, როდესაც სამიზნე ხდება ქვეყნის ინტერესები. ეს არის სწორი მიდგომა ყველას მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, მისი უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია. პირველი - ჩვენ რასაც ვითხოვდით, რომ ამომრჩეველს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში, ეს მას ეყოლება და 30 მაჟორიტარი იქნება ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებული. ჯობდა მეტი ყოფილიყო, მაგრამ მაჟორიტარული შემადგენელი მაინც მნიშვნელოვანია. ასევე, ის, რომ მმართველი გუნდი უმრავლესობის დაკომპლექტებას შეძლებს და შესაბამისად, მყარი მთავრობის დაკომპლექტებასაც.

ასევე, არსებობს საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოთხოვნა ბოლომდე იქნა გათვალისწინებული, საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით. ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ეს ჩანაწერი დესტრუქციულ ოპოზიციას მუდმივად ქუჩაში ყოფნის საშუალებას აძლევდა, რაც ახლა ჩაკეტილია. ჩვენი ყველა მოთხოვნა მიღწეულია გარდა ერთისა - მაჟორიტართა რაოდენობა არის შემცირებული. ეს გადაწყვეტილება არის ქვეყნის სტაბილურობის სასარგებლოდ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ამ შეთანხმებით ოპოზიციის დესტრუქციული მიზნები ვერ შესრულდება.

„ძირითად პრინციპებზე შეთანხმება არის და ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებით მსჯელობაში ჩვენც შევალთ.

ამ შეთანხმებაში ერთადერთი დამსახურება აქვს ოპოზიციას, რომ თითოეულ რაიონს არ ეყოლება ცალკე წარმომადგენელი პარლამენტში და იქნება გამსხვილებული საარჩევნო ოლქები. თუმცა, მათ აღარ ექნებათ დესტრუქციული მიზნის განხორციელების საშუალება და საფუძველი, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ ქუჩაში აქციებით ვადამდელი არჩევნები გამოეწვიათ, რაც პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. მათი მიზანი იყო ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყოლოდა, ყოფილიყო რყევადი, რისი საფუძველიც უკვე მათ აღარ აქვთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა