ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრების მთავარი მიზანი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იყო.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულმა შეხვედრებმა და იმ ფორმატმა. მიუხედავად იმისა, რომ იქ შეკრებილ ხალხს ერთმანეთი დიდად გულზე არ გვეხატებოდა და არც ახლა გვეხატება, ჩვენ, ყველანი მივხვდით, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანა, მიზანი და ნორმალური საარჩევნო სისტემა უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ვითმენდით ერთმანეთს და ვითმენდით იქ ყოფნას, თუმცა საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისად, ჩვენ, “სამოქალაქო მოძრაობა” ვეღარ ვხედავთ იმ ფორმატის როლს და ფუნქციას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის შეხვედრების ფორმატი ავტომატურად არის დასრულებული და ჩვენ იმ ფორმატში მონაწილეობას აღარ ვიღებთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების კანონში ასახვის შემდეგ, “სამოქალაქო მოძრაობა” მზადაა ახალ დისკუსიაში ჩაერთოს საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით.

“30 მაჟორიტართან დაკავშირებით მსჯელობაში ჩავერთვებით და საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე აზრებს გავცვლით, თუმცა ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ეს შეთანხმება კანონში და კონსტიტუციაში აისახოს. როდესაც კანონში აისახება, ჩვენ მზად ვართ, ინტენსიურ დისკუსიებში ჩავერთოთ მაჟორიტარებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს