ნინო ბურჯანაძე - პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე მოხდება პრეზიდენტისთვის მიმართვა, პრეზიდენტი კი ოპოზიციის და უმრავლესობის თხოვნას ანგარიშს გაუწევს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, თამლიანს, ოქრუაშვილსა და რურუას აღკვეთი ღონისძიება უნდა შეეცვალოთ, ხოლო გიგი უგულავას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიღწეული შეთანხმების აღსრულება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, რადგან ეს აუცილებელია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

„მთავარია, რომ შევთანხმდით აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად. ამ შეთანხმებას ორივე მხარის მიერ ხელი მოეწერა. მართალია შეთანხმება, დიპლომატიურად, სწორად და დელიკატურად არის შედგენილი, მაგრამ ყველამ ვიცით რა დგას ამ შეთანხმების უკან. ამ შეთანხმებაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, ამას ხელისუფლება ცნობს თუ არა, არიან ადამიანები, რომლებიც, არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავეები არიან თუ არა, ამჯერად არიან პოლიტიკური მოტივებით დაკავებულები. საერთოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არ არის აუცილებელი პოლიტპატიმარი კანონის წინაშე იყოს აბსოლუტურად მართალი. პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ადამიანს ენიჭება მაშინ, როცა ის დაჭერილია არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, არამედ პოლიტიკური კონიუქტურის გამო, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი დაჭერა ამ მომენტში მოუნდა.

მოლაპარაკება შედგებოდა ორი ნაწილისგან: ერთი არის ოქრუაშვილი, თამლიანი, რურუას საკითხი - ამ ადამიანების მიმართ ჯერ არ არის სასჯელი გამოტანილი ანუ მათ მიმართ შესაძლებელია იყოს ისეთი სამართლებრივი ღონისძიება გამოყენებული, როგორციაა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ამაზე არის შეთანხმება მიღწეული. უგულავას უკვე მისჯილი აქვს, ამიტომ ამ შემთხვევაში არსებობს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხი. მე დარწმუნებული ვარ და შეთანხმება არის მიღწეული, რომ მიემართოს პრეზიდენტს თხოვნით და უგულავა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ანგარიშს გაუწევს როგორც ოპოზიციის თხოვნას, ასევე უმრავლესობის თხოვნას. პრინციპული შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არის მიღწეული,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო