მაჟორიტარი კობა ლურსმანაშვილი - ჩემი მხრიდან კომპრომისზე წასვლა არ უნდა იყოს აღქმული ვინმეს ვინმეზე გამარჯვებად და მითუმეტეს, ოპოზიციის ხელისუფლებაზე გამარჯვებად

ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ კობა ლურსმანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ლურსმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება ქვეყნის მომავალზეა გათვლილი, რასაც პოზიტიურად აფასებს.

თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, ის ერთგული რჩება პრინციპის, რასაც მაჟორიტარულის პროპორციულთან მიმართებაში უპირატესობა ჰქვია.

„ეს შეთანხმება ჩვენი ქვეყნის მომავალზეა გათვლილი და რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვაფასებ. ვფიქრობ, რომ სტაბილური გარემო და განსაკუთრებით თავისუფალი საარჩევნო გარემო ეს არის მომავალი არჩევნების აუცილებელი პირობა, ხოლო შეთანხმება, რომელიც უკვე არის მიღწეული მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, წინ გვაქვს კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა, ამიტომ ცხადია, ოპოზიციის მხრიდან მობილიზება უნდა მოხდეს და მარტო სახელისუფლებო გუნდის მიერ ვერ განხორციელდება ეს ცვლილება.

ეს შეთანხმება არის ხელისუფლების, ოპოზიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი კონსულტაციების და შრომის ნაყოფი. ეს შეთანხმებაა, რომელსაც ამ შემთხვევაში მეც გავიზიარებ, რადგანაც მასში კვლავ არის შერეულად როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემის კომპონენტები. რაც შეეხება მაჟორიტარების რაოდენობას, რა თქმა უნდა, ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ თითოეულ საარჩევნო ოლქს არ ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. რა თქმა უნდა, მე ერთგული ვრჩები იმ პრინციპის, რასაც ჰქვია მაჟორიტარულის უპირატესობა პროპორციულთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა, ვინაიდან შერეული სისტემა მაინც რჩება ძალაში, ვინაიდან ხდება 40%-იანი ჩაკეტვა და პარტია, რომელიც ამაზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, ვერ იქნება წარმოდგენილი ხელისუფლებაში სრულად და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, ვინაიდან ბარიერი დაიწევს და პატარა პარტიებს მოუწევთ საკუთარი ძალები გამოსცადონ და შემოვიდნენ პარლამენტში, რაც პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას ნიშნავს და კარგია, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ კომპრომისული ნაბიჯი გადავდგა“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპრომისზე წასვლა ნიშნავს იმას, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„თუმცა, ჩემი მხრიდან კომპრომისზე წასვლა არ უნდა იყოს აღქმული ვინმეს ვინმეზე გამარჯვებად და მითუმეტეს, ოპოზიციის ხელისუფლებაზე გამარჯვებად. ეს დამოკიდებულია კვლავ ჩვენს გადაწყვეტილებაზე და არავინ გვაიძულებს ხელი ავუწიოთ ამ გადაწყვეტილებას და შეთანხმებას. რა თქმა უნდა, დავუჭერ მხარს და ეს არის ჩემი კომპრომისი, რომელიც არ უნდა შეფასდეს სისუსტედ, რადგან ეს გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გათვლილია კარგ საარჩევნო გარემოზე და წყნარ საარჩევნო პროცესზე, რომელმაც შედეგი ქართველ ხალხს უნდა მისცეს“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

შეგახსენებთ, კობა ლურსმანაშვილი ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა