ადვოკატის განცხადებით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, გიგი უგულავასთავის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, „ფონდების საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

„როგორც იცით, უზენაესმა სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ხელმეორედ დააკავეს გიგი უგულავა. ამის საფუძველზე ჩვენ დავაყენებთ აღკვეთის ღინისძიების გაუქმების შუამდგომლობას, ვინაიდან აღარანაირი საფუძველი აღარ არსებობს, რომ გიგი უგულავას გირაო ჰქონდეს შეფარდებული და ჩამორთმეული ჰქონდეს პასპორტი”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტი იყო დადგმული პროვოკაცია, რადგან მთავრობას სურდა, რომ უზენაესის გადაწყვეტილებამდე უგულავას ქვეყანა არ დარტოვებინა და განაჩენს აქ დალოდებოდა, შემდეგ კი დაეპატიმრებინათ.

„უნდოდათ, რომ მოეწყოთ პროვოკაცია გიგისთვის, ვინაიდან მოლოდინის რეჟიმში იყო უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ის დააკავეს და 3 წელი მიუსაჯეს. ამიტომ, მათ სჭირდებოდათ, რომ გიგი ამ ყველაფერს დალოდებოდა თბილისში. მოუწყვეს აეროპორტში ჩასაფრება, დახვდა ეს ორი პირი, მიაყენეს შეურაცხყოფა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური და იმის ნაცვლად, რომ ის დაზარალებული ყოფილიყო, ბრალდებულად ცნეს. სასამართლომ მას შეუფარდა გირაო და ჩამოართვა პასპორტი. არ ვიცი, შეიძლება ვინმემ იფიქრა, რომ ის გაქცევას აპირებდა. ეს ემსახურება იმ განაჩენს, რომელიც უზენაეს სასამართლოში ჩვენ შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით მივიღეთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, როგორ ელოდება ეს ორი პირი უგულავასა და გოკა გაბაშვილს.

„ასევე ჩანს, რომ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი იღებს ტელეფონით და მერე კამერებით რომ გავყევით ამ პირს, შედის აეროპორტში სუს-ისთვის განკუთვნილ ოთახში”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის აეროპორტში 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. “ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უგულავას ამ საქმეზე 2000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და პასპორტი ჩამორთმეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო